უეფას ერთა ლიგაზე პირველი ტურის ბოლო ოთხი შეხვედრა დასრულდა
ლიგის A-3 ჯგუფში უნგრეთმა გერმანიაში შეხვედრა აქტიურად დაიწყო და პირველი ტაიმის საწყის წუთებში გარკვეულ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, თუმცა რეალური მომენტი ვერ შექმნა. მასპინძლებმა თანდათან იგდეს ხელთ უპირატესობა და 25-ე წუთზე ანგარიში გახსნეს. მათ პირველ ტაიმში ორჯერ კიდევ შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ იღბალი სტუმრების მხარეს იყო და ტაიმი მათ მინიმალური სხვაობით წააგეს.
მეორე ტაიმში გერმანელები შეტევას განაგრძობდნენ და 58-ე წუთზე მათ ანგარიში ორამდე გაზარდეს. უნგრეთმა თამაშის გამოსწორება ვერ შეძლო, გერმანელებმა კი 66-ე წუთზე მესამე გოლი გაიტანეს და პრაქტიკულად გადაწყვიტეს მატჩის ბედი, თუმცა მიღწეულს არ დასჯერდნენ და 77 და 81 წუთებზე კიდევ ორჯერ აიღეს სტუმრების კარი
გერმანია - უნგრეთი 5:0(1:0)
გოლები: 27' ნიკლას ფიულკრუგი 1:0, 58' ჯამალ მუსიალა 2:0, 66' ფლორიან ვირცი 3:0, 77' ალექსანდარ პავლოვიჩი 4:0, 81' კაი ჰავარცი, თერთმეტმეტრიანიდან 5:0
ამავე ჯგუფის მერე შეხვედრაში ნიდერლანდები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან შეხვედრაში 56-ე წუთზე 3:1 დაწინაურდა, მაგრამ 73-ე წუთზე ედინ ჯეკომ ანგარიშში სხვაობა შეამცირა და მდგომარეობა დაძაბული გახადა. 88-ე წუთზე ვუტ ვერგჰოსტმა ანგარიში 4:2 გახადა და ინტრიგა, ფაქტობრივად, მოკლა. 90+2 წუთზე მასპინძლებმა კიდევ ერთხელ აიღეს სტუმრების კარი.
ნიდერლანდები - ბოსნია და ჰერცეგოვინა 5:2(2:1)
გოლები: 13' ჯოშუა ზირკზი 1:0, 27' ერმედინ დემიროვიჩი 1:1, 45+2 ტიჟანი რეინერსი 2:1, კოდი გაკპო 3:1, 73' ედინ ჯეკო 3:2, 88' ვუტ ვერგჰოსტი 4:2, 90+2 ხავი სიმონსი 5:2
B-1 ჯგუფში საქართველოსთან ერთად მყოფი უკრაინის და ალბანეთის შეხვედრაში ალბანელები 49-ე წუთზე ჩამორჩნენ, მაგრამ ხუთ წუთში შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, 66-ე წუთზე კი კიდევ ერთხელ აიღეს უკრაინელების კარი და ანგარიში ბოლომდე შეინარჩუნეს
უკრაინა - ალბანეთი 1:2(0:0)
გოლები: 49' იუხუმ კონოპლია 1:0, 54' არდიან ისმაილი 1:1, 66' იასირ ასანი 1:2
B-2 ჯგუფში საბერძნეთმა ფინეთი გაანადგურა.
საბერძნეთი - ფინეთი 3:0(2:0)
გოლები: 23' ფოტის იოანიდისი 1:0, 37' ბენჟამინ კალმანი, საკუთარ კარში 2:0, 76' ფოტის იოანიდისი 3:0