ევრო 2024-ის F ჯგუფის მე-2 ტურის პირველი შეხვედრა დასრულდა. გუშინ, საქართველომ ჩეხეთთან შეხვედრაში ისტორიული პირველი ქულა მოიპოვა - მატჩი 1:1 დასრულდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე F ჯგუფის მე-2 ტურის შეხვედრაში ჩეხეთის ნაკრები იყოშეხვედრის პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გიორგი მიქაუტაძის მიერ თერთმეტმეტრიანის გატანის შემდეგ, ჩეხებმა 59-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება.
შეხვედრის ბოლო წამებზე საბა ლობჟანიძემ აშკარა საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
ჩეხეთთან ჩატარებული მატჩი სოციალურ ქსელებში კრიტიკის საგანი გახდა, გულშემატკივრების ნაწილი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას აკრიტიკებს. რასაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი "ფეისბუკში" გამოეხმაურა.
"ფეხბურთის ყურება ხომ დაიწყო მთელმა ქვეყანამ. ყველა ხომ ფეხბურთით ცხოვრობთ დღეს! 26 მარტს რომ სიხარული იყო ქვეყანაში ხომ ყველა შევთანხმდით რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აღარ გვქონია! ხოდა ეს ყველაფერი, ეს ემოცია, ეს იმედი, ეს ბედნიერება, ეს გამარჯვებით ტკბობა იცოდეთ რომ თავიდან ბოლომდე იმ ერთი ბიჭის დამსახურებაა! კვარამ გააცოცხლა, სული შთაბერა ქართულ ფეხბურთს და 26 მარტის ბედნიერებას! ხვიჩა კვარაცხელია, ერთი ბიჭია ამის მიზეზიც და შემოქმედიც!!!ეს არ დაგავიწყდეთ ამ უკიდეგანო ფეხბურთ-პროფესორობაში!- წერს თინა ხიდაშელი.