ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ი 11 ივლისს თბილისში, თბილისი არენაზე ღონისძიებას ჩაატარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.

Real American Freestyle-ი თავისუფალი ჭიდაობის ფორმატია ამერიკული ხედვით, რომელმაც ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ღონისძიებაზე მთავარი შეხვედრა მერაბ დვალიშვილსა და ჰენრი სეხუდოს შორის შედგება. სეხუდო UFC-ს ორი წონის ყოფილი ჩემპიონია, ასევე ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში. რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, ამერიკულ ორგანიზაციაში მან პირველი შეხვედრა 30 მაისს ფრენკი ედგარის წინააღმდეგ გამართა და დამაჯერებლად, 12:1 გაიმარჯვა.

სეხუდო და დვალიშვილი შერეულ ორთაბრძოლებში ერთხელ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს – 2024 წელს UFC-ში ქართველმა ამერიკელი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

თბილისში ორგანიზაციის ქამრისთვის ასევე იჭიდავებენ ოლიმპიური ჩემპიონი – აბდულრაშიდ სადულაევი და კაილ სნაიდერი. ღონისძიებასთან დაკავშირებით სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.