თბილისის ზღვის საიალქნო კლუბში აფროსნობაში ოპტიმისტის და ლაზერის კლასში საქართველოს ღია ჩემპიონატი გაიმართა.
ტურნირზე მონაწილეობდნენ თბილისის, ფოთის, ბათუმისა და ასევე აზერბაიჯანის საიალქნო სკოლის წარმომადგენლები. პირველობისთვის 28 სპორტსმენი იბრძოდა, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში რეკორდული მაჩვენებელია.
საქართველოს ღია ჩემპიონატი აფროსნობის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. ტურნირის ორგანიზატორებს არა მხოლოდ მონაწილეთა რაოდენობა, არამედ, მათ შორის ნიჭიერი ბავშვების სიმრავლე ახარებთ. ისინი საქართველოს პირველ არხთან იმედს გამოთქვამენ, რომ უახლოეს ზაფხულის ოლიმპიადაზე საქართველოს წარმომადგენელი ამ სახეობაშიც ეყოლება.
„საქართველოს ბოლოს ოლიმპიურ თამაშებზე აფროსნობაში 1996 წლის ოლიმპიადაზე მე წარმოვადგენდი. მას შემდეგ ამ დიდ ტურნირზე აფროსნობაში მონაწილე არ გვყოლია. მაგრამ დღეს იმდენი სპორტსმენი გამოვიდა და ისეთი შედეგები აჩვენებს, დარწმუნებული ვარ, უახლოეს წლებში ოლიმპიადაზე წარმომადგენელი ჩვენს სახეობაშიც გვეყოლება“, – ამბობს ღია ჩემპიონატის მთავარი მსაჯი, ევროპის ჩემპიონი (1984) და ორგზის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1992, 1996) გურამ ბიგანიშვილი.
„ჩვენ დიდი ხანი არაა, რაც სახეობის აღორძინება დავიწყეთ. პირველ წლებში ჩემპიონატის გასამართად რამდენიმე ბავშვს ძლივს ვაგროვებდით. ის, რაც დღეს ხდება, ძალიან მახარებს. ეს იმის წინაპირობაა, რომ უახლოეს წლებში საქართველოში აფროსნობა განვითარდება და საერთშორისო სარბიელზე ჩვენი ქვეყნის სახელი გამოჩნდება“, – აცხადებს საქართველოს აფროსნობის ფედერაციის პრეზიდენტი დევი ქიტუაშვილი.