ჰამბურგში 7-კაცა რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე დასრულდა შეხვედრები მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის.

ჯგუფურ ეტაპზე რუმინეთთან ფრედ დამთავრებულმა შეხვედრამ საქართველო ჯგუფში ჩატოვა და პირველი-მერვე ადგილებისთვის ბრძოლის გაგრძელების საშუალება არ მისცა.

მეცხრემეთორმეტე ადგილებისთვის ნახევარფინალურ შეხვედრაში საქართველომ ჩეხეთი 14:7 დაამარცხა და ფინალში რუმინეთს შეხვდა.

პირველ ტაიმში საქართველო 12:0 დაწინაურდა. რუმინეთმა ლელოთი ანგარიშში სხვაობა შეამცირა - 12:5. ტაიმის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე საქართველომ ჰაუტიდაბ ბურთი ცუდად შემოიტანა, მას რუმინელები დაეუფლნენ და ლელო დადეს. გაფუჭებული გარდასახვის შემდეგ რუმინელებმა ცენტრიდან შეიყვანეს ბურთი თამაშში და ტაიმის დასრულებამდე 7 წამით ადრე მას ქართველები დაეუფლნენ და შეტევა წამოიწყრეს. კვლავ შეცდომა და მსაჯის სასტვენამდე 1 წამით ადრე რუმინეთს ჩაუვარდა ბურთი ხელში და საჩუქარი კარგად გამოიყენა - 12:12.

მეორე ტაიმის მესამე წუთის დასაწყისში საქართველო ლელოთი 17:12 დაწინაურდა და შეხვედრის ბოლომდე ანგარიშის შენარჩუნება მოახერხა.

ამრიგად, საქართველომ ჰამბურგის ეტაპზე მე-9 ადგილი დაიკავა და 4 ქულა მოიპოვა, ხოლო ალგერვეს ეტაპზე მეორე ადგილზე გასვლისთვის მოპოვებული 18 ქულის გათვალისწინებით ორი ეტაპის ჯამში 22 ქულა გაუხდა.

რაგბი ევროპის ეტაპის მატჩები პირველი-მერვე ადგილებისთვის ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ცნობილია, რომ პირველი-მეორე ადგილებისთვის საფრანგეთი და ესპანეთი ითამაშებენ, მესამე-მეოთხე-ადგილებისთვის - დიდი ბრიტანეთი-ირლანდია, მეხუთე-მეექვსე ადგილებისთვის გერმანია-პორტუგალია და მეშვიდე-მერვე ადგილებისთვის იტალია-ბელგია.

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ორი ეტაპის ჯამში საქართველოს დაწევა-გადასწრების შანსი მხოლოდ პორტუგალიას და გერმანიას აქვს, იტალიამ და ბელგიამ კი ეს შანსი უკვე დაკარგა.

აქედან გამომდინარე, მსოფლიო სერიის მონაწილეობის უფლებას ევროპის ჩემპიონატიდან საქართველო, გერმანია და პორტუგალია მიიღებენ. დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის, საფრანგეთის და ესპანეთის ნაკრებ გუნდებს ეს უფლება ევროპის ჩემპიონატის შედეგების მიუხედავად ჰქონდათ მოპოვებული.