უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დასრულდა გერევიჩ-კოვაჩ-კარპატის სახელით ცნობილი მსოფლიო თასის გათამაშება ხმლით მოფარიკავეთა შორის

ლეგენდარული უნგრელი მოფარიკავეების, 1932-1936-1948-1952-1956-1960 წლების 7-გზის ოლიმპიურ ჩემპიონ ალადარ გერევიჩის, 1936-1948-1952-1956-1960 წლების 6-გზის ოლიმპიურ ჩემპიონ პალ კოვაჩის და 1948-1952-1956-1960 წლების 5-გზის ოლიმპიურ ჩემპიონ რუდოლფ კარპატის სახელით ცნობილი მსოფლიო თასის ეტაპი უნგრელი ანდრაშ ჟატმარის გამარჯვებით დასრულდა.

2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს და 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსმედალოსანმა უნგრელმა მოფარიკავემ ფინალურ შეხვედრაში იტალიელ ლუკა კურატოლის სძლია და კარიერაში პირველად მოიპოვა გერევიჩ-კოვაჩ-კარპატის მსოფლიო თასის ეტაპის ოქროს მედალი.  

მსოფლიო რეიტინგის N1 მოფარიკავემ,  სანდრო ბაზაძემ ოცდამეთორმეტედფინალში გერმანელი ლეონ შლაფერის, მეთექვსმეტედფინალში კი კუვეიტელი იუსეფ ალშალმანის დამარცხების შემდეგ, მერვედფინალში ლუკა კურატოლისთან 12:15 წააგო და მე-9 ადგილი დაიკავა.
 
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიო რეიტინგის N2 მოფარიკავე, უნგრელი აარონ ჟილაგი ტურნირს მეთექვსმეტედფინალში, იტალიელ ჯოვანი რეპეტისთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა. 

ტურნირის 288 მონაწილეს შორის იყვნენ  აგრეთვე ვახტანგ არჩვაძე, რომელიც ოცდამეთორმეტედფინალში მოხვდა და საბოლოოდ 49-ე ადგილზე გავიდა, ლაშა კუჭუხიძე (112-ე ადგილი), ბექა ბაზაძე (114-ე ადგილი), მიხეილ ალფაიძე (144-ე ადგილი), გოგა კაკაურიძე (182-ე ადგილი), ალექსანდრე თავართქილაძე (203-ე ადგილი), ნიკოლოზ ჭეიშვილი (215-ე ადგილი), გიორგი ურუშაძე (225-ე ადგილი), დავით თავართქილაძე (249-ე ადგილი).