რუსთავმა ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასის მატჩს უმასპინძლა, რომელშიც ერთმანეთს გასული სეზონის ჩემპიონი „ბათუმი“ და თასის მფლობელი თსუ შეხვდნენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი აღნიშნული ტიტულის მოქმედი მფლობელი გახლდათ — წინა წლის სუპერსათასო ორთაბრძოლაში მან „ქუთაისი“ დრამატულ მატჩში დაამარცხა. ამჯერად, უნივერსიტეტელებმა ტიტული წარმატებით დაიცვეს და მოქმედ ჩემპიონ „ბათუმს“დამაჯერებლად, 98:79 სძლიეს.
ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა სწრაფი, ლამაზი და ორგანიზებული თამაშით, ზედმეტი პრობლემების გარეშე მიაღწია საწადელს და ახლახან დაწყებული სეზონის პირველ ტიტულსაც დაეუფლა.
გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო იყო ენდრიუ ობრაიენი, რომელმაც 23 ქულა მიითვალა. 18 ქულა დააგროვა დალას ჰოუელმა, ახალგაზრდა რეზო თავართქილაძის ანგარიშზე 12 ქულაა, ხოლო გუნდის კაპიტანმა, ნიკა ჩეჩელაშვილმა, 11 ქულა მოაგროვა. „ბათუმის“ შემადგენლობაში გამორჩეული გახლდათ ლარი ჰოუელი — 27 ქულითა და 10 მოხსნით. 19 ქულა ჩაიწერა აქტივში გიორგი ოჩხიკიძემ, ხოლო კარსონ ბაშამმა და ვალერიან წულეისკირმა გუნდს 10-10 ქულა შესძინეს.
მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სუპერთასის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) ენდრიუ ობრაიენი დასახელდა, რომელიც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კობა კობიაშვილმა დააჯილდოვა. მთავარი ჯილდო — საქართველოს სუპერთასი თსუ-ს კაპიტან ნიკა ჩეჩელაშვილს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა გადასცა.




