საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჟერარ ბატიკლიმ ჟილინას სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„ვიცოდით, რომ პირველ ტურში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საქართველოსთან მოგების შემთხვევაში შემდეგ შეხვედრას უკეთეს მდგომარეობაში შევხვდებით, ეს უბრალოდ არითმეტიკაა. ჩვენს წინააღმდეგ ითამაშებს თავდაჯერებული გუნდი, რომელმაც პოლონეთთან გამარჯვება დამატებულ წუთებზე მოიპოვა. ამ გუნდს კლასი აქვს და ჩვენს წინააღმდეგ დიდი მოტივაციით ითამაშებს.

რა თქმა უნდა, ვუყურეთ პოლონეთთან მატჩს. ეს გუნდი მხოლოდ ერთ გამორჩეულ მოთამაშეზე არაა დამოკიდებული — ეს არის მამაცი ნაკრები, რომელსაც კონტრშეტევაზე ორგანიზებულად გადასვლა შეუძლია. მათ გუნდურად ითამაშეს, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა პოლონეთის წინააღმდეგ რთულ დაპირისპირებაში.

საქართველოს ნაკრები დეტალურად გავაანალიზეთ და დავინახეთ, რომ მას მრავალი ძლიერი მხარე აქვს. რთულ მატჩს ველით. ქართველების თამაში ევროპის ჩემპიონატამდეც გვქონდა შესწავლილი, შესაბამისად, ხვალინდელ შეხვედრას სრული სერიოზულობით ვეკიდებით. თუმცა მოწინააღმდეგისადმი პატივისცემის მიუხედავად, მაინც შევეცდებით, მიზანს მივაღწიოთ.

ჩვენ გვყავს ძლიერი და მაღალი კლასის ფეხბურთელები. იმედი მაქვს, რომ თამაშიდან თამაშამდე ხარისხს გავაუმჯობესებთ და წარმატებას მივაღწევთ. მართალია, საქართველო ამ მომენტისთვის ჯგუფის ლიდერია, მაგრამ ეს მხოლოდ ტურნირის დასაწყისია“, – განაცხადა საფრანგეთის ნარების მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2025-ის პირველ ტურში საფრანგეთის ნაკრებმა პორტუგალიასთან 0:0 ითამაშა, ხოლო საქართველოს ნაკრებმა პოლონეთი 2:1 დაამარცხა და ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჟერარ ბატიკლის გუნდს 14 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.

პირველი არხი