"ირმას ბევრად მეტი აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე მხოლოდ სპორტული კარიერაა. "- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"ცალკე უნდა თქვას ირმა ხეცურიანზე. შეიძლება ირმამ პარიზი 2024-ში მედალი ვერ აიღო, მაგრამ ის ყველაზე დიდი და გამორჩეული პარაათლეტია ჩვენთვის. ირმა არის აბსოლუტური რეკორდსმენი მსოფლიო თასების მოგებით, ეს კი ეტლით ფარიკაობაში იგივე დონის ტურნირია, რაც ჩოგბურთში ATP-ის 1000-იანი სერიის და დიდი მუზარადის ტურნირები. მან 21 მსოფლიოს თასის მოგება შეძლო, არის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ინდივიდუალურშიც და გუნდურშიც. ყველაზე მეტ ქვეყანაში და ქალაქში, შეიძლება, მთელი ქართული სპორტის ისტორიაში მას ჰქონდეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი აჟღერებული. მისი მედლების სრული სიის დათვლას კი ცალკე ერთი სტატისტიკის სამსახური სჭირდება.
დღეს მთელმა ქვეყანამ გაიცნო ჩვენი პარაათლეტები, დააფასა და შეიყვარა ისინი, მაგრამ ირმა რომ არა, შეიძლება ეს დღე და ეს წარმატება არც მოსულიყო. წლების მანძილზე მისი წარმატებით იცნობდა ხალხი პარასპორტს და იგებდა პარალიმპიური სპორტის არსებობაბზე.
ირმას ბევრად მეტია აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე მხოლოდ სპორტული კარიერაა. ფასდაუდებელია მისი წვლილი პარალიმპიური მოძრაობის პოპულარიზაციაში, ქალთა უფლებების დაცვაში და შშმ პირთა უფლებების ადვოკატირებაში. ბევრჯერ მითქვამს, მას ყველაზე მეტი სტერეოტიპი აქვს დამსხვრეული და მეამაყება მასთან მეგობრობაც და მისი გულშემატკოვრობაც პატივია ჩემთვის. და რაც მთავარია, ზუსტად ვიცი, მას ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები კიდევ წინ აქვს და კიდევ ბევრ ქვეყანაში, თუ ქალაქში ააჟღერებს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს და ყველაზე მაღლა აწევს საქართველოს დროშას!" - წერს რატი იონათამიშვილი.