ფოთის ცენტრალური სტადიონის დასავლეთ ტრიბუნის რეაბილიტაცია, ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანია "ელიტაბურჯმა" 2017 წლის ზაფხულში დაიწყო. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მაშინ ჟურნალისტებთან აცხადებდნენ, რომ ობიექტი ექსპლუატაციაში დეკემბრის ბოლოს შევიდოდა, თუმცა სამშენებლო პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.

მერიის პრესცენტრში აცხადებენ, რომ ხელშეკრულების მიხედვით, დასავლეთ ტრიბუნის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 20 აპრილს უნდა დასრულდეს. მათი თქმით, პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება, მისი ღირებულება 1 863 000 ლარს შეადგენს: 

"პროექტის ფარგლებში მოხდება დასავლეთ ტრიბუნების სრული რეაბილიტაცია, სტადიონის შიდა და გარე კომუნიკაციებით უზრუნველყოფა, მოეწყობა თანამედროვე სტანდარტის გასახდელები, საშხაპეები, ლოჟა, ოთახები კომენტატორებისათვის, ავტოსადგომი. მოასფალტდება სტადიონის მისადგომები. ასევე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანებით, მოედანზე მწვანე საფარი დაიგება. სტადიონი 6000 მაყურებელზეა გათვლილი".

ფოთის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციას, საფეხბურთო გუნდი "კოლხეთი-1913"  2012 წლიდან ელოდება, ამ ხნის განმავლობაში სამშენებლო პროცესი ორჯერ ჩაიშალა.

ოფიციალური ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა ავანსად საკმაოდ სოლიდური თანხა აიღეს, მაგრამ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს. ამდენად კონტრაქტორსა და დამკვეთს შორის ურთიერთობამ უკვე სასამართლო დარბაზში გადაინაცვლა და დღემდე გრძელდება.

ფეხბურთელებს საშინაო მატჩების ჩასატარებლად, ახლო მდებარე ქალაქების სტადიონის დაქირავება უხდებათ, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული და შესაბამისად, გუნდის შედეგებზეც უარყოფითად მოქმედებს.