საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს „სპორტულ კლუბ ატლეტიკს“ თბილისში, ბობ უოლშის ქუჩაზე მდებარე 26 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საქართველოს მთავრობის 2025 წლის 14 ივლისის განკარგულების საფუძველზე, აღნაგობის უფლებით, 20 წლის ვადით სარგებლობაში გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, ზურაბ წიქვაძის განცხადებით, ინვესტორზე აღნაგობით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე საერთაშორისო სტანდარტების სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, მათ შორის, ორი ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი.
„„სპორტული კლუბი ატლეტიკი“ პირველი კომპანიაა, რომელსაც სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიწის ნაკვეთი გადაეცა. ჩვენ გამოვხატავთ მზადყოფნას, მივიღოთ სხვა წინადადებები კერძო სექტორისგან, რათა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურა“, – აღნიშნა ზურაბ წიქვაძემ.
აღსანიშნავია, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სპორტისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროები ერთობლივად ახორციელებენ. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, შესაბამისი საინვესტიციო პირობებით, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების მიზნით, 20-წლიანი აღნაგობის უფლებით გაიცემა.
ამ პროცესის ხელშეწყობისთვის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს შეღავათებს დაინტერესებული ინვესტორებისთვის, მათ შორის, ეს ეხება აღნაგობის უფლების საზღაურს. პროგრამის მიხედვით, პირველი ათი წლის განმავლობაში აღნაგობით სარგებლობის საფასური იქნება ერთჯერადი, სიმბოლური ფასი – ერთი ლარი, ხოლო მეთერთმეტე და შემდგომ წლებში ეს თანხა ყოველწლიური საბაზრო სარგებლობის საფასურს გაუტოლდება.
„პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება ექნება ნებისმიერ მეწარმე სუბიექტს, რომელიც სახელმწიფოს შესთავაზებს მის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა/განვითარების საინვესტიციო პროექტს“, – აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.