ნორვეგიელმა მოთხილამურემ, იოჰანეს კლებომ, 2026 წლის ოლიმპიურ თამაშებზე სკიატლონში 10+10 კმ დისტანციაზე, ინდივიდუალურ კლასიკურ სპრინტში და თავისუფალ სტილში ინდივიდუალური სტარტით 10 კილომეტრიანი სათხილამურო რბოლაში მოპოვებულ სამ ოქროს მედალს დღეს მეოთხე ოქროს მედალი შემატა.
ნორვეგიელმ მოთხილამურემ, იოჰანეს კლებომ, თანაგუნდელებთან, ემილ ივერსენთან, მარტინ ლიოვსტრიომ ნინგეტთან და ეინარ ჰედეგარტთან ერთად მამაკაცთა 4 x 7.5 კმ ესტაფეტაში გაიმარჯვა და მილანის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხე ოქროს მედალი მოიპოვა.
1, ნორვეგია - 1:04:24.5
2. საფრანგეთი - 1:04:46.7
3. იტალია - 1:05:12.4
იოჰანეს კლებომ მოთხილამურეებს შორის ოლიმპიური გამარჯვებების ყველა დროის რეკორდი დაამყარა. მას 3 ოქროს მედალი ფიონჩანის 2018 წლის, ორი პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე აქვს მოპოვებული, ოთხი კი მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ოქროს მედლების რაოდენობით დღემდე იგი რეკორდს თანამემამულეებთან, ბიონ დელისთან, ული-ეინარ ბიორნდალენთან და მარიტ ბიორგენთან ერთად ინაწილებდა
15-გზის მსოფლიო ჩემპიონი, 5-გზის მსოფლიო თასის მფლობელი და 5-გზის ტურ დე სკი-ს გამარჯვებული 29 წლის იოჰანეს კლებო ამ თამაშებზე კიდევ ერთ დისციპლინაში, მასობრივი სტარტით 50 კილომეტრიან რბოლაში, მიიღებს მონაწილეობას.
ამ დროისთვის მედლებით გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე მყოფ ნორვეგიელებს 11 ოქროს, 4 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს მედალი აქვთ მოპოვებული, მეორე ადგილზე მყოფ იტალიელებს კი 6 ოქროს,3 ვერცხლის და 9 ბრინჯაოს მედალი.




