ეუთო/ოდირის საარჩევნო დასკვნის გადაწერის მცდელობა არის სრულიად მიუღებელი და დაღს ასვამს ჩვენს ნდობას, რომ ობიექტურად დააკვირდებიან არჩევნებს მომავალში, - განუცხადა “იმედის კვირას” საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძე იხსენებს, 2026 წლის მარტში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, დელეგაციის საქართველოში ვიზიტს და ამბობს, რომ მაშინ მათ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საკმაოდ საინტერესო განცხადებები გააკეთეს.

“მათ დაგმეს შეტევა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, რაც არასდროს სხვა ორგანიზაციას არ გაუკეთებია. მათ განაცხადეს, რომ პარლამენტში არშესვლა არის დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. მათ განაცხადეს, რომ ძალადობა მიუღებელია როგორც პოლიციის მხრიდან, ასევე მიუღებელია ე.წ მშვიდობიანი პროტესტანტებისგან. ამ განცხადებების შემდეგ, რაღაც ჯგუფს დასჭირდა, რომ პოზიტიური მიმართულებით წასული პროცესი როგორღაც უკან დაებრუნებინა ჩვენი ე.წ ოპოზიციის სასარგებლოდ. სწორედ ამას ემსახურებოდა ჯო უილსონის რეზოლუცია”, - განაცხადა სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძე, იხსენებს 2025 წელს ოდირის ხელმძღვანელთან პორტუში გამართულ შეხვედრასაც.

“მითხრეს, რომ თანახმა იყვნენ, ჩამოსულიყვნენ თუ მათ ჩვენ მოვიწვევდით. ეს არის 2025 წლის ივლისი. შემდეგ გახსოვთ, რომ მოვიწვიეთ ეს მისია, მაგრამ მათ განაცხადეს, რომ დრო არ ჰქონდათ მოსამზადებელი, რომ ჩამოსულიყვნენ. თუმცა, ასევე მინდა გითხრათ, ეს არის აბსურდი და ტყუილი, იმიტომ, რომ როდესაც რომელიმე ქვეყანაში ინიშნება ვადამდელი არჩევნები, ის ტარდება გამოცხადებიდან 45 დღეში. თუკი ვადამდელ არჩევნებზე ასწრებს ეუთო/ოდირი დაკვირვებას, მაშინ რატომ ვერ მოასწრო ადგილობრივ არჩევნებზე დაკვირვება? რატომ ვერ ასწრებდნენ დაკვირვებას, როდესაც 45 დღეზე ადრე გავუგზავნეთ მოწვევა. მე გეტყვით ეს რა იყო - მაშინ იყო მოთხოვნა ოპოზიციის მხრიდან, რომ არ ჩამოსულიყვნენ და არ დაკვირვებოდნენ არჩევნებს, იმიტომ რომ ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს”, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.