მაროკოში დასრულდა აფრიკის ქვეყნების საფეხბურთო ნაკრების პლეიოფის შეხვედრები.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის პირდაპირი საგზური აფრიკის კონტინენტიდან ცხრა ქვეყანამ ჯგუფურ ტურნირზე გამარჯვებით მოიპოვა, ჯგუფურ ტურნირის ოთხ საუკეთესო გუნდს კი პლეიოფში მონაწილეობის და მასში გამარჯვების შემთხვევაში საკონტინენტთაშორისო პლეიოფში თამაშის შანსი მიეცა.

მაროკოში პლეიოფის შეხვედრების დაწყების წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრების თითოეულ წევრს საკონტინეტთაშორისო პლეიოფში თამაშის უფლების მოპოვების სანაცვლოდ ქვეყნის პრეზიდენტი ბონუსის სახით მილიონ დოლარს დაჰპირდა. ცხადია, ძნელად გასაზომია, რამდენად აამაღლა ამ დაპირებამ ფეხბურთელების მოტივაცია და რამდენად იმოქმედა მან თამაშის შედეგზე, თუმცა ყველა თანხმდება, რომ პლეიოფის ჯერ ნახევარფინალში, შემდეგ კი ფინალში კონგოელების გამარჯვება სენსაციად უნდა შეფასდეს.

აღსანიშნავია, რომ პრესით გავრცელებული კიდევ ერთი ინფორმაციის თანახმად, ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა გაბონთან მატჩის წინ ვარჯიშზე უარი განაცხადეს და ამით პროტესტი გამოხატეს იმ ფაქტის გამო, რომ მათ აფრიკის ერთა თასზე გამარჯვების, აგრეთვე მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში გასვლისთვის დაპირებული ბონუსები არ ჰქონდათ მიღებული. 

აფრიკა. პლეიოფი.

ნახევარფინალები:

ნიგერია - გაბონი 4:1(1:1, 0:0)  დამატებით დროში
გოლები: 78' აკორი ადამსი 1:0, 89' მარიო ლემინა 1:1, 97' ჩიდერა ეჯუკე 1:2, 102' და 107' ვიქტორ ოსიმჰენი 1:3 და 1:4

კამერუნი - კონგო 0:1(0:0)

გოლი: 90+1' შანსელ მბემბა

ფინალი:
ნიგერია - კონგო 1:1(1:1, 1:1) პენალტებით 3:4
გოლები: 3' ფრანკ ონიეკა 1:0, შეშაკ ელია 1:1

საკონტინეტთაშორისო პლეიოფში ექვსი გუნდი (ბოლივია, ახალი კალედონია, აზიის კონტინენტის პლეიოფის ფინალში გამარჯვებული, ორი გუნდი ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებიდან და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) მიიღებს მონაწილეობას და მასში გამარჯვების შემთხვევაში კონგო მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე მეათე ქვეყანა გახდება აფრიკიდან. 

მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირი საგზური აფრიკიდან მოპოვებული აქვთ ეგვიპტეს, სენეგალს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, კაბო-ვერდეს, მაროკოს, კოტ დ'ივუარს, ალჟირს, ტუნისს და განას.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ერთადერთხელ, 1974 წელს, იყო. მაშინ ქვეყანას ზაირი ეწოდებოდა. მან ოთხგუნდიან ჯგუფში გამართული სამივე შეხვედრა წააგო (შოტლანდიასთან 0:2, იუგოსლავიასთან 0:9 და ბრაზილისთან 0:3)