აზერბაიჯანის „ყარაბაღი“აღდამის ისტორიულ გამარჯვებას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სოციალურ ქსელ X-ში ტვიტით შეეხმიანა.

„გულითადად ვულოცავ აღდამის „ყარაბაღის“ საფეხბურთო კლუბს კონტინენტის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის - ჩემპიონთა ლიგის მთავარ ეტაპზე მოპოვებულ პირველ გამარჯვებას. ეს აზერბაიჯანული ფეხბურთისა და აზერბაიჯანული სპორტისთვის ისტორიული გამარჯვებაა.

„ყარაბაღმა“ თამაშის ბრწყინვალე შემოტრიალება მოახდინა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კლუბ „ბენფიკასთან“ გასვლით მატჩში და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რითაც თავისი უძლეველი სული და საბრძოლო შემართება აჩვენა.

ამ გამარჯვებით ჩვენმა მშობლიურმა გუნდმა დიდი სიხარული მოუტანა აზერბაიჯანელ ხალხს. ყველა აზერბაიჯანელი ამაყობს „ყარაბაღით“, რომელმაც ევროპაში სასწაული მოახდინა.

ვუსურვებ ჩვენს გუნდს წარმატებებს და ახალ გამარჯვებებს ჩემპიონთა ლიგის შემდეგ მატჩებში“, - წერს ილჰამ ალიევი.


შეგახსენებთ, რომ აღდამის „ყარაბაღმა“ ლისაბონში „ბენფიკას“ სენსაციურად მოიგო უეფას ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ფაზის პირველი ტურის შეხვედრა. აზერბაიჯანულმა კლუბმა გასვლაზე სახელგანთქმული „ბენფიკას“  მიერ მათ კარში უკვე მე-16 წუთისთვის გატანილ ორ გოლს სამით უპასუხა.

„ბენფიკა“ - „ყარაბაღი" 2:3(2:1)
გოლები: 4' ენცო ბარენეჩეა 1:0, 16' ვანგელის პავლიდისი 2:0, 30' ლეანდრუ ანდრადე 2:1, 48' კამილო დურანი 2:2, 86' ალექსეი კაშჩუკი 2:3 

ასევე შეგახსენებთ, რომ „ყარაბაღს“ კვალიფიკაციის ფინალურ ეტაპზე გამარჯვებით  უკვე გამომუშავებულ 4,29 მილიონ ევროს გარანტირებულად ჰქონდა შემატებული 18,62 მილიონი ევრო.