ზამთრის სპორტის მოყვარულები დიდი სანახაობის მოლოდინში არიან. საქართველო ევროპის ზამთრის მეჩვიდმეტე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1000-მდე ახალგაზრდა სპორტის 8 დისციპლინაში იასპარეზებს. შეჯიბრება საქართველოს სამ ქალაქში, ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში ჩატარდება.

დღეს ოლიმპიურ კომიტეტში ის 8 ქართველი სპორტსმენი წარადგინეს, რომლებიც ფესტივალზე საქართველოს სახელით მონაწილეობენ. სამთო სათხილამურო, ბიატლონი და ფიგურული სრიალი -

ქართველი ათლეტები სპორტის სამ სახეობაში, იასპარეზებენ. ნაკრების მედროშეები გიორგი ჯაფარიძე და ნელი უსტიმენკო იქნებიან.

ფესტივალის მასპინძლობისთვის ყველაფერი მზად არის. მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა. გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა თბილისში, ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის 3.5 კმ ტრასა ბაკურიანში, მოეწყო ოლიმპიური სოფლები.

ფესტივალი 9 თებერვალს დაიწყება და ერთი კვირა გაგრძელდება. გახსნის და დახურვის საზეიმო ცერემონიებს ბაკურიანი უმასპინძლებს.

ფესტივალის განმავლობაში ათლეტები საქართველოს 45 ქვეყნიდან ეწვევა.