საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები გერმანიაში გაემგზავრნენ.
"წავედით გერმანიაში! შევხვდებით ევროპის ჩემპიონატზე!" - წერ ეროვნული ნაკრები "ფეიბუკში" და ფოტოს აქვეყნებს.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ამხანაგურ მატჩში მონტენეგრო დაამარცხა.
შეხვედრა პოდგორიცაში ვილი სანიოლის გუნდმა 3:1 მოიგო. მე-10 წუთზე, ანგარიში გიორგი გველესიანის პასით, რომელიც ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩს ატარებდა, ოთარ კიტეიშვილმა გახსნა. 33-ე წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიას პასით გიორგი მიქაუტაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა.
66-ე წუთზე მონტენეგრომ სტევან იოვეტიჩის გოლით სხვაობა შეამცირა, საბოლოო ანგარიში კი ბუდუ ზივზივაძემ 83-ე წუთზე დააფიქსირა.
დღეს, საქართველოს ნაკრები გერმანიაში გაემგზავრება და ევროპის ჩემპიონატის მატჩებისთვის ფელბერტში მოემზადება.
შეგახსენებთ, 2024 წლის 26 მარტს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. მატჩს უდიდესი ღირებულება ჰქონდა – გამარჯვებული ევრო 2024-ზე ითამაშებდა. მეტად დაძაბულ და ხისტ მატჩში საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს დარჩა.
გიორგი მამარდაშვილმა ერთი მოიგერია, ერთიც ბერძნებმა ააცილეს და ისტორია დაიწერა – საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა!
ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს კი 18 ივლისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩავატარებთ.