ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა და გაირკვა იმ ქართველი სპორტსმენების მეტოქეთა ვინაობა, რომლებიც პლანეტის პირველობაზე 4-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით იასპარეზებენ.

ტურნირზე საქართველოს ღირსებას 13 სპორტსმენი დაიცავს – 9 კაცი და 4 ქალი.

60 კგ-ში 2024 წლის მსოფლიოს ჩემპიონის, გიორგი სარდალიშვილის მეტოქე მეორე წრეში ისრაელის წარმომადგენელი იცხაკ აშპიზი იქნება. აღსანიშნავია, რომ 23 წლის ქართველს C ბადეში პოტენციურ მეტოქედ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, იაპონელი რიუჯუ ნაგაიამა ეყოლება.

66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილის პირველი მეტოქე აზერბაიჯანელი იმრანოვი იქნება. წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში კი, იგი რუს აბდულაევს დაუპირისპირდება, რომელიც პირველი წრიდან თავისუფალია.

73 კგ-ში ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, ლაშა შავდათუაშვილის მეტოქე მეორე ეტაპზე კოსოვოელ და ირლანდიელ ძიუდოისტებს შორის გამოვლინდება. სარდალიშვილის მსგავსად, მასაც ბადეში იაპონელი მეტოქე ჰყავს – 22 წლის ტანაკა, რომელიც იუნიორთა შორის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონია.

81 კგ-ში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი პირველ წრეში დაისვენებს, მეორე ეტაპზე კი მისი მეტოქე ბულგარელ და არაბეთის გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლებს შორის გაირკვევა. ქართველი ძიუდოისტი, წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, ფინალამდე არ შეხვდება არც თავის პრინციპულ მეტოქეს, მატიას კასეს და არც იაპონელ ოინოს.

90 კგ-ში საქართველოს მსოფლიო პირველობაზე ორი წარმომადგენელი ეყოლება – ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და მსოფლიოს ჩემპიონი ლუკა მაისურაძე. ბექაური პირველ წრეში კორეელ ძიუდოისტს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტურნირის მერვედფინალშივე ლაშას პოტენციური მეტოქე იაპონელი სანშირო მურაოა. ლუკა მაისურაძე პირველ წრეს გამოტოვებს, მეორე ეტაპზე კი ან რუს ანდონის, ან სერბ რუტოვიჩს შეხვდება. ქართველები, წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში, ერთმანეთს ფინალამდე არ დაუპირისპირდებიან.

100 კგ-ში ილია სულამანიძის მეტოქე მეორე წრეში უნგრელ და ტაჯიკ სპორტსმენებს შორის გამართულ შეხვედრაში გამოვლინდება. სულამანიძეს, განთესვიდან და წილისყრიდან გამომდინარე, კარიერაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების რეალური შანსი აქვს.

მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი გუნდი ორი მძიმეწონოსნით შეეცდება მედლების მოპოვებას. მსოფლიო ჩემპიონი გურამ თუშიშვილი, რომელიც 2018 წელს ბაქოში გახდა ტურნირის გამარჯვებული, წელსაც შეეცდება იმ შედეგის გამეორებას. მისი პირველი მეტოქე მონღოლი ოდხუ იქნება, მერვედფინალში კი, სავარაუდოდ, რუს ენდოვიცკისთან მოუწევს ორთაბრძოლა. ირაკლი დემეტრაშვილი პირველ წრეს გამოტოვებს, მეორე ეტაპზე კი გამოცდილ უზბეკ ტურობოევს შეხვდება.

ქალთა შორის 57 კგ-ში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, წონის ლიდერი და ოქროს მედლის მოპოვების უმთავრესი კანდიდატი, ეთერ ლიპარტელიანი პირველ შეხვედრას ურუგვაელ ლეოპოლდთან გამართავს. ამავე წონაში გამოვა კიდევ ერთი ქართველი, ნინო ლოლაძე, რომლის მეტოქეც იაპონელი ომორი იქნება.

70 კგ-ში ნინო გულბანი ჩინელ ფენს დაუპირისპირდება, მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი კი რუს ივანოვას შეხვდება.

მსოფლიო ჩემპიონატი ინდივიდუალურ ასპარეზობებში 4 ოქტომბერს დაიწყება და 10 ოქტომბერს მძიმეწონოსანი ძიუდოისტების გამოსვლით დასრულდება. 11 ოქტომბერს გუნდური ასპარეზობა შედგება.

ერთ დღეს მედლები მამაკაცთა და ქალთა შორის თითო წონით კატეგორიაში გათამაშდება. შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო პირველობას მოქმედი გამარჯვებულის სტატუსით ქართველთაგან ეთერ ლიპარტელიანი ხვდება.