საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა საინფორმაციო ბრიფინგი გამართა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარადგინა.
„გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას 15:00 საათის მდგომარეობით. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე 901 (40.49%) ამომრჩეველი მივიდა. მათ შორის ახმეტაში - 93 (34.19%), დმანისში 129 (49.05%), წალკაში 352 (34.82%) და ვანში 327 (48.16%) ამომრჩეველი.
იმ ამომრჩევლებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ მიდიან არჩევნებზე და მოითხოვეს გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება, შესაბამისი სერვისით საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ემსახურებიან.
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.
ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამა. ასევე, იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.










