კატარში დასრულდა ფიფას მე-17 საკლუბო ჩემპიონატი
კატარში, არ-რაიანის Education City Stadium-ზე ფიფას მე-17 საკლუბო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა დასრულდა.
უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა მიუნხენის „ბაიერნმა" ჩრდილო და ცენტრალური ამერიკის (კონკაფი) ჩემპიონთა თასის მფლობელი, მექსიკის ნუევო-ლეონის შტატის დედაქალაქ მონტერეი „ტიგრესი" დაამარცხა და ფიფას 2020 წლის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი „ბაიერნის" ფრანგმა მცველმა ბენჟამენ პავარმა შეხვედის 59-ე წუთზე გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ „ბაიერნმა" 2020 წლის სეზონზე 6 ტიტული მოიპოვა. იგი გახდა გერმანიის ჩემპიონი, თასის და სუპერთასის მფლობელი, ევროპის ჩემპიონთა თასის და სუპერთასის გამარჯვებული და ბოლოს, ფიფას მსოფლიო საკლუბო გათამაშების ჩემპიონი.
ჰანს-დიტერ ფლიკის „ბაიერნი" მეორე გუნდია, რომელმაც სეზონის განმავლობაში 6 სხვადასხვა ტიტულის მოგება მოახერხა. პირველად ეს პეპ გვარდიოლას „ბარსელონამ" შეძლო 2009 წელს.
„ბაიერნმა" მეორედ მოიგო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. პირველად ეს მან 2013 წელს შეძლო.
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატების გამარჯვებულები „ბაიერნის" გარდა იყვნენ:
„რეალი" მადრიდი - 2014, 2016, 2017, 2018
„ბარსელონა" ბარსელონა - 2009, 2011, 2015
„კორინთიასი" სან-პაულუ - 2000, 2012
„სან-პაულუ" სან-პაულუ - 2005
„ინტერნასიონალი" პორტუ-ალეგრი - 2006
„მილანი" მილანი - 2007
„მანჩესტერ იუნაიტედი" მანჩესტერი - 2008
„ინტერნაციონალე" მილანი - 2010
„ლივერპული" ლივერპული - 2019
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და „ადიდასის" თასი გადასცეს „ბაიერნის" თავდამსხმელ, პოლონელ რობერტ ლევანდოვსკის. ტურნირზე ლევანდოვსკი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს ნახევარფინალურ და ფინალურ შეხვედრებში და მან ამისთვის Alibaba Cloud-ის პრიზი დაიმსახურა.

„ადიდასის" ვერცხლის ბურთის მფლობელი გახდა „ტიგრესის" ფრანგი ფორვარდი ანდრე-პიერ ჟინიაკი. 3 გატანილი გოლით ჟინიაკი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა, ხოლო ორ შეხვედრაში, როგორც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელს, Alibaba Cloud-ის პრიზი გადაეცა.

„ადიდასის" ბრინჯაოს ბურთი „ბაიერბის" ნახევარმცველ იოზუა კიმიხს გადაეცა.