ყოფილმა ჩოგბურთელმა ანჟელიკა კოშმა სიჩუმე დაარღვია და  2021 წელს 12-იდან 17 წლის ასაკამდე ოთხი გოგონას გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მისჯილ მწვრთნელ ენდრიუ გადესის მიერ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე საფრანგეთის პარლამენტის სპეციალურ კომისიის წევრების წინაშე ისაუბრა. 




36 წლის ანჟელიკა კოშმა აღნიშნა, რომ იგი 1999 წელს, როდესაც თანატოლებში საფრანგეთის მეორე საუკეთესო ჩოგბურთელი იყო, პარიზიდან 17 კმ-ში მდებარე სარსელის საჩოგბურთო სკოლაში მწვრთნელ ენდრიუ გადესის ჯგუფში მოხვდა და მწვრთნელმა მისი გაუპატიურება რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყო.  

კოშის თქმით, თავდაპირველად მწვრთნელმა მას, „პარი-სენ-ჟერმენის" ფანს, გუნდის მატჩებზე დასწრება შესთავაზა.

ოჯახთან ერთად მხოლოდ ესპანეთში, დედის სამშობლოში, დავდიოდი დასასვენებლად და ჩემთვის საინტერესო იყო ახალი სამყაროს ხილვა. მშობლებს ჩემი სიამოვნება სურდათ, მწვრთნელის შეთავაზებაში რაიმე საზიანო არ დაუნახავთ და მე მასთან ერთად ვუყურებდი თამაშებს. თავიდან იგი სახლამდე მაცილებდა, მოგვიანებით კი, ასე უფრო მოსახერხებელიაო და ღამით მის სახლში ვრჩებოდი. შემდეგ მან მის სახლთან ახლოს ვარჯიში შემომთავაზა. არცთუ ბევრი ფული გვქონდა და მშობლებს უხაროდათ, რომ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ვარჯიშის დროს მმეთვალყურეობდა და ტურნირებზე დამყვებოდა. მათ სრული თავდაჯერებულობით მიანდეს მას ჩემი თავი, ის კი მეუბნებოდა, რომ ჩემი მეორე მამა იყო, მე ნამდვილი ბრილიანტი ვიყავი და მის ხელში მსოფლიოში საუკეთესო ჩოგბურთელთა ათეულში მოვხვდებოდი  და სულ უფრო და უფრო მეტ ადგილს იკავებდა ჩემ ცხოვრებაში. ზაფხულში მან მშობლებს უთხრა, რომ შეეძლო უფასოდ წავეყვანე შეკრებაზე ატლანტის ლუარაში, ლა-ბოლში. პირველ საღამოს მან მითხრა, რომ მის ოთახში მივსულიყავი. მე არ მივედი, იგი თვითონ შემოვიდა ჩემ ოთახში და გამაუპატიურა. იგი იმდენად მანიპულირებდა ჩემით, რომ მომდევნო დღეს მე გადავდგი ის 13 ნაბიჯი, რომელიც მის ოთახს მაშორებდა და შევედი მასთან.  ორი კვირის განმავლობაში იგი დღეში სამჯერ მაუპატიურებდა, სულ ორი წლის განმავლობაში კი 400-ჯერ გამაუპატიურა, - ამბობს ანჟელიკა.

„ეს ხდება ხოლმე მწვრთნელის და მოსწავლის ურთიერთობაში, ჩვენ დიდ დროს ვატარებთ ერთად, ეს ნორმალურია", - მეუბნებოდა იგი და შემდეგ, ემოციურ მანიპულაციებში ძალიან შორს წასულმა, მითხრა, რომ მას შიდსი ჰქონდა და მე გადამდო. 

„1990-იანი წლების ბოლოს ეს ბევრად უფრო საშიში იყო, ვიდრე დღეს და მე მისმა სიტყვებმა დამბლა დამცა. 13-იდან 18 წლამდე ისე ვცხოვრობდი, რომ მეგონა, შიდსი მქონდა. მან მომატყუა ჩემი განადგურების მიზნით. ეს ალბათ, უფრო დამანგრეველიც კი იყო, ვიდრე გაუპატიურება", - განაცხადა ანჟელიკა კოშმა.