ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ანტალიის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ რეიტინგები განაახლა.

პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები ქართველ ძიუდოსტ კაცებს და ქალთა 57 კგ წონაში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანს პრაქტიკულად განაღდებული აქვთ, სამ ქართველ ქალ ძიუდოისტს კი ლიცენზიის მოსაპოვებლად არაერთი ბრძოლის თავის სასარგებლოს დასრულება ესაჭიროება.

ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვების ყველაზე კარგი შანსი მათგან +78 კგ წონაში მოჭიდავე სოფიო სომხიშვილს აქვს. ანტალიის გრანდ სლემზე მან მართალია პირველივე შეხვედრა წააგო, მხოლოდ 10 ქულა შემატა აქტივს და საერთო რეიტინგში ორი პოზიციით დაქვეითდა, მაგრამ კვლავ რჩება ოლიმპიური ლიცენზიის ზონაში. მას 1618 ქულით 29 ადგილი უკავია და ასეთი მდგომარეობის შენარჩუნების შემთხვევაში პარიზში კონტინენტალური კვოტით პარიზში ხვდება.

ანტალიაში თავის სარეიტინგო ყულაბას 160 ქულა შემატა ნინო გულბანმა. მას ამჟამად 355 ქულა აქვს და 78-ე ადგილზეა, თუმცა 39-ე ადგილზე მყოფ, კონტინენტალური კვოტით ლიცენზიაზე პრეტენზიის მქონე დანიელ ძიუდოისტს მხოლოდ 604 ქულით ჩამორჩება. აქვე შევნიშნავთ, რომ ერთ ფედერაციას, ყველა წონით კატეგორიაში ერთად, მხოლოდ ერთი კონტინენტალური კვოტის მიღება შეუძლია.

ანტალიაში არ უასპარეზია ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვების შანსის მქონე ეთერ ასკილაშვილს. იგი 531 ქულით 64-ე ადგილზეა და კონტინენტალური კვოტის ამ მომენტში მქონე რუმინელ ძიუდოისტს 1254 ქულით ჩამორჩება.

გუნდურ შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება ამ მომენტისთვის აქვს საფრანგეთს, იაპონიას, ნიდერლანდებს, ბრაზილიას, უზბეკეთს, მონღოლეთს, ისრაელს, კორეას, იტალიას, სერბეთს და ესპანეთს, ხოლო გერმანიას, საქართველოს, კუბას, ყაზახეთს და ავსტრიას ოლიმპიურ თამაშებზე მიწვევის შანსი აქვს.