იტალიის ქალაქ კაორლეში  დასრულდა 20 წლამდე ასაკის მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს პრიზიორები 60-67-72-82-97 კგ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ.

72 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ალექსანდრე რუსიტაშვილმა სომეხი გასპარ ტერტერიანი 4:3 დაამარცხა და საქართველოს მესამე ოქროს მედალი მოუტანა.

60 კგ წონაში ვახტანგ ლოლუამ თურქი ომერ ალტასი 10:3 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი საქართველოს 67კგ წონით კატეგორიის მოჭიდავემ, ანრი ხოზრევანიძემ მოუტანა. მან რეპეშაჟის ნახევარფინალი 9:0 მოუგო გერმანელ კევინ კარლს, რეპეშაჟის ფინალში კი 8:0 სძლია ფრანგ ილიან დუბახს. 

ამრიგად, საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს (72კგ ალექსანდრე რუსიტაშვილი, 77კგ ანრი ფუტკარაძე და 87კგ ლუკა კოჩალიძე) და ოთხი ბრინჯაოს მედალი (55კგ კობა ქარუმიძე, 60კგ ვახტანგ ლოლუა, 67კგ ანრი ხოზრევანიძე და 130 კგ საბა ფურცელაძე) მოიპოვა.

გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 135 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა.