CiDA-ს დირექტორი, ზვიად დევდარიანი, რომელიც ქალთა მოძრაობამ სექსუალური შევიწროების 10-მდე შემთხვევაში დაადანაშაულა, სამარცხვინოს უწოდებს მოძრაობის მხრიდან მის დამნაშავედ და მოძალადედ წარმოჩენას მხოლოდ ერთი მხარის პოზიციის ჩვენებით და კატეგორიულად უარყოფს ზეწოლის ან ძალადობის ფაქტებს. 

"სამარცხვინოა, ქალთა მოძრაობის წევრების მხრიდან ჩემი როგორც დამნაშავის და მოძალადის წარმოჩენა მხოლოდ ერთი მხარის პოზიციის ჩვენებით. გაუგებარია ქალთა მოძრაობის მთავარი მიზანი რატომ უნდა იყოს ჩემი - როგორც ქალთა მოძრაობა მიწოდებს „გავლენიანი“ კაცის (როგორც თავად მიწოდებთ), რეპუტაციის განადგურება;

სამარცხვინოა, პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ამ შემთხვევის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და საკუთარი საინფორმაციო არხების ჩართვით, ჩემი როგორც სამოქალაქო აქტივისტის განადგურება;

სამარცხვინოა, რომ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის და პოლიტიკური გავლენების ქვეშ, დაივიწყეს ჟურნალისტური ეთიკა და მინი სამსჯავროებად აქციეს საკუთარი გამოცემები;

სამარცხვინოა, რომ ადამიანები რომლებიც ჩემს გვერდით იდგნენ, მიცინოდნენ, მემეგობრებოდნენ, დღეს ამბობენ რომ 3 წელია იციან „ეს ამბები“ და დღეს დროშით ხელში ჯვაროსნულ ომს მიცხადებენ სოციალურ ქსელში მიმოწერის გამო.

მადლობა ჩემს მეგობრებს, თანამშრომლებსა და პარტნიორებს, რომლებიც ახლა ძალიან მჭირდებიან, ისევე როგორც ის ადამიანები, რომლებსაც არ ვიცნობ და თანადგომას მიცხადებენ.

მადლობა იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც არ დაივიწყეს პროფესიონალიზმი და სწორედ ამით იხელმძღვანელეს ამ კამპანიის გაშუქებისას.

ვაღიარებ, რომ ჩემი შეცდომაა ჩემი ურთიერთობა ოჯახს გარეთ, მაგრამ კატეგორიულად უარვყოფ ძალადობის ან ზეწოლის რაიმე ფაქტის არსებობას!
და ბოლოს,

ვწუხვარ რომ ამ ყველაფრის გავლა უწევს ჩემს ოჯახს, ჩემს თეონას, ჩემს სოლომონს (11 წლის), ჩემს დანიელს (9 წლის) ჩემს ანასტასიას (5 თვის, რომელიც 2 დღე არ მინახავს, იმიტომ რომ მრცხვენია, რომ მის მამის ირგვლივ ეს ყველაფერი ტრიალებს). მე გავცემ ამ ყველაფერს პასუხს და დავბრუნდები.

და თქვენ, ვისაც კიდევ რამე დაგრჩათ სათქმელი, თქვით, გამოდით და დავასრულოთ ეს შანტაჟი და განუკითხაობა. მე არ ვაპირებ თქვენთან ბრძოლას იმ მეთოდებით, როგორც თქვენ მებრძვით. მე არ ვაპირებ პირადი მიმოწერისა და სხვა დეტალების გასაჯაროობას. სასამართლომ დაადგინოს მტყუან-მართალი".

შეგახსენებთ, ზვიად დევდარიანი, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატად წარადგინა. მალევე, ქალთა მოძრაობამ ზვიად დევდარიანს სექსუალური შევიწროების 10-მდე შემთხვევაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ, ზვიად დევდარიანმა საბჭოს წევრობიდან კანდიდატურა მოხსნა.