იყო სპეკულაციები, თითქოს კონკრეტული მედიკამენტის შემცვლელებთან მიმართებით ხარისხს ვერ ვაკონტროლებდით და რეფერენტული ფასწარმოქმნით მოტივაცია შევუქმენით იაფფასიანი, აზიური მედიკამენტების ბაზარზე შემოსვლასა და მათ ძვირად გაყიდვას. ამას სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.
„სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ვინც განცხადებებს აკეთებდა, თითქოს ჩვენ ხელს ვუწყობდით უხარისხო მედიკამენტების ქვეყანაში შემოსვლას, თვითონ შემოჰქონდათ უხარისხო მედიკამენტები. ეს, უბრალოდ, უხერხულია და ძალიან საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ეტაპობრივად უკვე აღვკვეთეთ და გავაგრძელებთ პრევენციას“, – აღნიშნა აზარაშვილმა.
მისივე განცხადებით, სწორედ მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მიზნით, ბოლო თვეების განმავლობაში მოხდა მაღალრისკიანი ქვეყნების იდენტიფიცირება, სადაც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ადგილზე ამოწმებს ყველა იმ საწარმოს, რომლებიდანაც საქართველოში მედიკამენტების იმპორტი ხორციელდება.
„ზუსტად ამ ყველაფრის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, უახლოეს დღეებში, როგორც კი მთავრობა დამტკიცდება, წარმოვადგინოთ შესაბამისი ცვლილებები. სამწუხაროდ, დაფიქსირებულია ფაქტები, რომ რამდენიმე მაღალრისკიანი ქვეყნიდან მედიკამენტების შემოტანა ხდება დაუფასოებელ და თხევად მდგომარეობაში, შემდეგ კი აქ ხდება დაფასოება. ასეთი ტიპის, საეჭვო წარმომავლობის მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანა და წარმოება შეიზღუდება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.