„დედაქალაქის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იმიტომ მოგვანიჭა მანდატი, რომ შევასრულოთ და გადავჭრათ ქალაქისთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. ამისათვის კი დედაქალაქის მერიის ხელმძღვანელობის და საკრებულოს ერთობა უმნიშვნელოვანესია“- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე გააკეთა, სადაც დედაქალაქის მერის ანგარიში მოისმინეს. ზურაბ აბაშიძემ კახა კალაძეს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობა მზად არის მომავალი წლის ბიუჯეტს მხარი დაუჭიროს.
„ეს ბიუჯეტი არის ორიენტირებული იმ პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც დღეს ჩვენი დედაქალაქის წინაშე დგას. დედაქალაქის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იმიტომ მოგვანიჭა მანდატი, რომ შევასრულოთ და გადავჭრათ ქალაქისთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. დედაქალაქის მერიის ხელმძღვანელობის და საკრებულოს ერთობა კი ამისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რათა ზედმიწევნით განვახორციელოთ ჩვენზე დაკისრებული ამოცანები “- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე კახა კალაძის ანგარიშსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სწორედ თბილისის მერის და ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დამსახურებაა ის შეუვალი პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებასა და მშვიდობის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.
„ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილებაში და ძალიან კარგად გვესმის, რომ ქალაქში არსებობს პრობლემები - დაწყებული ავარიული შენობებით, დამთავრებული სატრანსპორტო პოლიტრიკით. ჩვენ არ გვეშინია პრობლემების და მზად ვართ ჩვენი შეუვალი პოლიტიკით და მიზანდასახულობით გავაგრძელოთ შრომა იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეები ყოველწლიურად უკეთესად გრძნობდნენ თავს ამ ქალაქში“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.
ზურაბ აბაშიძემ მომავალი წლის სლოგანზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპოზიციამ ესეც კი გააკრიტიკა.
„თბილისის მომავალი წლის სლოგანი-სიკეთით სავსე ქალაქია და მიკვირს რატომ შეიძლება გაგიჩნდეს სურვილი ამასაც კი დაუპირისპირდე“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.








