„ამ მწუხრის დღეებში, ჩვენი ქვეყნის შვილებმა ერთად გავიაზრეთ ნახევარი საუკუნის მანძილზე მისგან ნაქადაგები ყოველი სიტყვა,“ - წერს სოცაილურ ქსელში „ხალის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე პატრიარქის გამოსამშვიდობებელ პოსტში.
ზაალ მიქელაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პატრიარქის უდიდესი ღვაწლი აისახა მრევლის სიმრავლეში, რომელიც ულევ ნაკადად სამების საკათედრო ტაძრისკენ მასთან გამოსამშვიდობებლად მიემართება.
„გვიყვარხარ პატრიარქო!
საქართველომ დაკარგა ერის სულიერი მამა. თითოეული ჩვენგანი ამ მწუხარების ჟამს სიამაყითაც აღივსო, რომ ჩვენ ვართ მისი უწმინდესობის, საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს თანამედროვეები.
ამ მწუხრის დღეებში, ჩვენი ქვეყნის შვილებმა ერთად გავიაზრეთ ნახევარი საუკუნის მანძილზე მისგან ნაქადაგები ყოველი სიტყვა...
სიყვარული და სათნოება მოფინა ჩვენს სამშობლოს და სრულიად მართლმადიდებელ ქრისტიანულ სამყაროს. ვხედავ რა, ჩვენი ხალხის ულევ ნაკადს მისი უწმინდესობის გამოსამშვიდობებლად დღე-ღამე რიგში მდუმარედ მდგომს, ვაცნობიერებ, რომ, პატრიარქმა შეძლო ამქვეყნად ხორცშესხმულმა უმთავრესი მისიის შესრულება: გვასწავლა ღვთისა და ადამიანის სიყვარული და ზეციურ დასს შეერთებული გაგვინათებს მომავლის იმედს. მადლობა პატრიარქო!“ - წერს ზაალ მიქელაძე.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. უწმინდესის მეოხებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, რის შედეგადაც მირონის მოხარშვის უფლება მოიპოვა. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.
უწმიდესის 47-წლიანი მოღვაწეობის შედეგად გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი.










