ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში საახალწლო კონცერტი გამართა. მოსახლეობასთან ერთად, ღონისძიებას რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და პარლამენტის წევრი ირაკლი ხელაძე დაესწრნენ.
კონცერტი საღამოს შვიდ საათზე დაიწყო და ის მუსიკალურად ჯგუფმა ,,ურსა“ და სხვა მომღერლებმა გააფორმეს. პარალელურად, საახალწლო-საკარნავალო სამოსში ჩაცმულმა თოვლის ბაბუებმა ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ღონისძიება ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
„კიკვიძის პარკში მთელი დღის განმავლობაში სადღესასწაულო განწყობა გვქონდა. მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობაც ჩატარდა. ტრადიციულად, ვეცადეთ მოსახლეობისთვის საახალწლო განწყობა შეგვექმნა და გაგველამაზებინა წინასადღესასწაულო პერიოდი. ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ 2025 წელს მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატებები მოეტანოს!“ - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ. საახალწლო კონცერტი ნაძალადევის გამგეობის ორგანიზებითა და დაფინანსებით ჩატარდა.