ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ევროპისა და ევრაზიის რეგიონულ დირექტორს ანია კუმბერლენდს შეხვდა. დღეს გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ IFES-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი რენატა ლევოვსკი და მისი მოადგილე დავით ღონღაძე.

მხარეებმა 29 აპრილს გამართულ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე, აღნიშნულ არჩევნებში ტექნოლოგიურ ინტერვენციაზე და იმ ძირითად მიგნებებზე ისაუბრეს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს მეტად მომზადებული შეხვდეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. როგორც ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების ჭრილში, ერთ-ერთ ძირითად საერთაშორისო პარტნიორთან, IFES-თან თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანია. მან ადმინისტრაციის სახელით მადლობა გადაუხადა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლებს იმ დახმარებისთვის, რომელსაც ორგანიზაცია როგორც ტექნოლოგიური, ასევე საგანმანათლებლო და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვის მიმართულებით ახორციელებს.

შეხვედრის დასასრულს IFES-ის წარმომადგენლებმა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა დადებითად შეაფასეს. მათი თქმით, ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობა და აქტივობები, რომელიც უმეტესად ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით დანერგვას უკავშირდება, საარჩევნო გარემოს და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ადმინისტრირებისკენ არის მიმართული. აღსანიშნავია, რომ  საერთაშორისო პარტნიორებმა შეხვედრის მიმდინარეობისას კიდევ ერთხელ დაადასტურეს საკუთარი მზაობა მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.

შეხვედრა 10 მაისს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.