თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, სადაც დედაქალაქის მერმა წლიური ანგარიში და 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა, განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ 2023 წელი გამოწვევებით სავსე წელი იყო და ქალაქის შესაძლებლობები გაიზარდა.
„მთელი წლის მანძილზე ქალაქის განვითარების, ქალაქზე ზრუნვის პარალელურად ჩვენ გვიწევდა გვესმინა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ბრალდებებისთვის, გვეთმინა, როგორ გვეძახდნენ რუსეთუმე სამშობლოს მოღალატეებს, კორუმპირებულებს, გამყიდველებს; მრავლად იყო პერფორმანსებიც, ფოტოების ფრიალი, უსაგნო, უმიზნო დებატები, პროტესტი, ბოიკოტი.
აკეთებდნენ ყველაფერს, რათა ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ დავახლოებოდით დიდ ევროპულ ოჯახს, პარტიული და პირადი ინტერესები დააყენეს ქვეყნის ინტერესებზე წინ და ეს ხდებოდა ყველა პლატფორმაზე, მათ შორის საკრებულოში“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, ქალაქის შესაძლებლობები გაიზარდა, რაც გამოიხატება გარემოს დაცვის, გამწვანების, სატრანსპორტო, ურბანულ და სხვა მიმართულებებში. მისივე თქმით, რჩება გამოწვევები, რომელთა დაძლევას სჭირდება სინერგია, თანმიმდევრულობა, გუნდურობა და იმის შეგრძნება, რომ ეს ქალაქი ყველასია.
„არ მახსენდება ოპოზიციონერთა მხრიდან შემოთავაზებული არცერთი საგნობრივი დებატი, არცერთი იდეა ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ; არ არსებობს მათ მიერ მხარდაჭერილი არცერთი პროექტი. ამასობაში წააგეს 8 არჩევნები, პოლიტიკურად გაკოტრდნენ, დაიშალნენ, ხან მუზეუმებში გადაინაცვლეს, ხან ქუჩაში. არაფერმა იმუშავა. ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და დღეს ჩვენ წევრობის კანდიდატის სტატუსი გვაქვს. მხოლოდ ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა ჩვენი წინაპრების ოცნების ახდენა. კულტურული თვალსაზრისით საქართველო მუდამ იყო ევროპა, რაც ნიშნავს ღირსებას, ადამიანის უფლებებს, პრაგმატიზმს. სწორედ ასეთი პრაგმატიზმით შევძელით მშვიდობის შენარჩუნებაც და ასე შევძლებთ გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები. თუ დღეს რომელიმე ქალაქს შეიძლება ვუწოდოთ ევროპული, თბილისი მათ რიგებშია, რადგან ამ მრავალეთნიკური და მულტიკულტურული ქალაქის ადგილი სწორედ რომ არის ევროპულ ქალაქებს შორის. თბილისი არის სიცოცხლით სავსე, ევროპული დედაქალაქი“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.