სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან შვიდი სამხედრო და ცხრა მშვიდობიანი მოქალაქეა.
შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. ოთხ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 621 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 316. 2000-მდე ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.