შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თბილისის ზღვის სანაპირო ზოლის ერთ-ერთი მონაკვეთი და მიმდებარედ არსებული ფერდობები დაასუფთავეს. ტერიტორია გაიწმინდა საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ.

„მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ზღვის სანაპირო ზოლს და მიმდებარე ტერიტორიას რეგულარულად ვასუფთავებთ, მაინც დიდი რაოდენობით გვხვდება სხვადასხვა ტიპის ნარჩენი. მოვუწოდებთ ადგილობრივ მოსახლეობას და აქ მოსულ სტუმრებს, შევინარჩუნოთ სისუფთავე, გავუფრთხილდეთ რეკრეაციულ სივრცეებს და საყოფაცხოვრებო ნარჩენი მოვათავსოთ მხოლოდ კონტეინერებში. რაც შეეხება სამშენებლო ნარჩენს, გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეღავათიან ფასად შეუძლია ასეთი სახის ნარჩენის კანონიერად განთავსება“ - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

ფიზიკურ და იურიდიულ პირებს „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთჯერადი ან გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებაც შეუძლიათ. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კომპანიის ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდზე - https://www.tbsg.ge.

გლდანის ობიექტზე სამშენებლო ნარჩენის განთავსების ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად: 1-დან 5 ტონამდე - 9 ლარი; 5-დან 10 ტონამდე - 18 ლარი; 10-ტონა და მეტი - 30,6 ლარი.