„თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტა ჰოლდინგს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თბილისის მერიამ „მანის მარკის“ 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსები შეიძინა.
18-მეტრიანი ავტობუსები 162 მგზავრზეა გათვლილი და უფრო მეტი ადამიანის გადაყვანას შეძლებს. აღნიშნულით პიკის საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება შედარებით განიტვირთება და მგზავრებიც დანიშნულების ადგილზე სწრაფად შეძლებენ მისვლას.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2017 წელს, როდესაც ის მერად აირჩიეს, მისი საარჩევნო დაპირება იყო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. მერი მიიჩნევს, რომ მაშინ ქალაქში არსებული „ბოგდანის ტიპის“ ავტობუსებით მგზავრობა თბილისელებისთვის შეურაცხმყოფელი იყო. აღნიშნულის გამო, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ავტობუსების პარკი მერიამ მთლიანად განაახლა.
კალაძის განცხადებით, 50 ერთეული, ახალი 18-მეტრიანი ავტობუსი თბილისში უკვე დეკემბერში იქნება, ხაზებზე კი იანვრიდან გავლენ.