თბილისის №177 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
"დილა მშვიდობისა!
მოგეხსენებათ, გავრცელდა ინფორმაცია სხვადასხვა სკოლებში ბომბის არსებობის შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლები ატარებენ ყველა გადაუდებელ და აუცილებელ ღონისძიებებს. მიმდინარეობს მოკვლევა ინფორმაციის წყაროს გამოვლენის მიზნით. გავრცელებული ინფორმაცია, იარაღის აღმოჩენის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენი მხრიდან გამოვიჩენთ მაქსიმალურ ყურადღებას!
ვფიქრობთ, პანიკის საფუძველი არ გვაქვს, ამიტომ ჩვენს სკოლაში დღეს გაკვეთილები ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება. პატივისცემით, სკოლის დირექცია." - ნათქვამია № 177 სკოლის გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, "თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ მუქარის ფაქტებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები."