სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა „ტაქსი 200-200“-ის ოფისის ფოტოს,  სადაც ჩანს, რომ დასაქმებულთა შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც არიან.

„აიპრესი“ დაინტერესდა, ნამდვილად ყველა დასაქმებული შშმ პირი თუ იყო, როგორც ამას „ფეისბუქში“ წერდნენ.

"მე გახლავართ ერთ-ერთი შშმ პირი, მაგრამ ყველა დასაქმებული ამ კომპანიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არ არის და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია", - გვიპასუხეს კომპანიის ოფისის ნომერზე.

როგორც აღმოჩნდა, კომპანიას ორი ოფისი აქვს და აქედან დიდუბეში, ადაპტირებული გარემო სადაც არის, 13 შშმ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) პირი ჰყავთ დასაქმებული.

„ორი ოფისი გვაქვს, მაგრამ მეორე საკმაოდ მაღალ შენობაშია და არ არის ფიზიკური გარემო გადაადგილებისთვის მოწესრიგებული. აქ არ ვართ მარტო შშმ პირები, სხვებიც ვმუშაობთ და არ არის პოზიტიური დისკრიმინაცია. რაც შეეხება ხელფასს, ყველას ერთნაირი ანაზღაურება გვაქვს. 270-დან 300-ლარამდე თვეში. აქ არის სმენებით ანაზღაურება. ვინ რამდენი საათი იმუშავა, იმის მიხედვით. გრაფიკი ისეა შედგენილი, რომ ყველას ხელფასი თანაბრად ერიცხება. აქ გვყავს ერთი ეტლით მოსარგებლე, რომელსაც ფიზიკურად არ შეუძლია 9 საათი მუშაობა და მუდმივად 6 საათი მუშაობს. ფიზიკურად ვერ უძლებს დატვირთვას. მის სურვილზეა მორგებული: უნდა 9 საათს იმუშავებს, უნდა 6-ს. ანაზღაურებაც საათების შესაბამისია“, - განგვიცხადა „ტაქსი 200-200“-ის ოპერატორმა ლანა სოფრომაძემ.

მისი თქმით, კომპანია თებერვლიდან მუშაობს და დიდი ხანია, ხელმძღვანელს, ნიკა ხოფერიას,  შშმ პირების დასაქმების იდეა ჰქონდა.

ჩვენს კითხვაზე, ტაქსის მძღოლებიც ხომ არ ჰყავთ შშმ პირები, ან ადაპტირებული ტრანსპორტი ხომ არ აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, კომპანიაში გვიპასუხეს, რომ ამ ეტაპზე ასეთი მომსახურება არ აქვთ.