"ბიბისის" ინფორმაციით, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის შეტაკებების დროს მსხვერპლის რაოდენობა 59-მდე გაიზარდა. დაშავებულია 600-მდე ადამიანი. ქვეყანაში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დახმარებას ითხოვენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, სუდანში ამ დროისთვის საქართველოს 30-მდე მოქალაქე იმყოფება.
მისივე თქმით, ქართული მხარე კონტაქტზეა როგორც გაერო-ს ოფისთან, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან და კოორდინირებულად მუშაობს.
„ჩვენ კონტაქტზე ვართ ქართველებთან, ვინც იქ არიან. ახლა დაახლოებით 30-მდე ქართველი არის. როგორც ყველა სხვა ქვეყანამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, ასევე ჩვენც ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ გარეთ გამოსვლისგან და გადაადგილებისგან. ინტენსიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რათა ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთდეს ან რამენაირად მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქალაქეები დროულად გამოვიყვანოთ სუდანიდან, რომ შემდეგ უსაფრთხოდ დავაბრუნოთ საქართველოში.
ამ მომენტამდე არ გაჩერებულა სროლები და შეტაკებები, რომ რომელიღაც მხარემ აიღოს კონტროლის ქვეშ სიტუაცია და იმ მხარესთან მოხდეს შემდეგ უკვე ნებართვებსა და ჰუმანიტარულ დერეფანზე დალაპარაკება. ველოდებით, ცოტა დამშვიდდეს, ჩაწყნარდეს, რომ შესაძლებლობა გვქონდეს, ორივე მხარეს დაველაპარაკოთ. ჯერჯერობით, სამწუხაროდ არ გველაპარაკებიან, რადგან შეტაკებებში არიან ჩართულები“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.