სამედიცინო პერსონალი შიშობს, რომ შეიძლება მდგომარეობა ვეღარ დაიჭირონ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთულია და სისტემური ფორმა მიიღო სიცოცხლის შენარჩუნების ღონისძიებების საჭიროებამ. მაისის შემდგომ განსაკუთრებით ხშირად საჭიროებს ის სისხლის გადასხმას და სამწუხაროდ, ამ ყველაფერს თან ახლავს ძალიან ხშირად რიგი გართულებები და მათ შორის, სულ რამდენიმე დღის წინ იყო მძიმე ალერგიული რეაქცია და არა მხოლოდ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამედიცინო პერსონალისგან მოდის სიგნალები შიშის შესახებ, რომ შეიძლება მდგომარეობა ვეღარ დაიჭირონ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ არაერთი შეუსაბამობა და ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერები არის მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტაციაში. მივმართავ სახალხო დამცველს, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, რაც შეიძლება დაუყოვნებლივი რეაგირება მოხდეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, იმიტომ რომ შეუძლებელია ამ ყველაფერს ვუყუროთ ასე მშვიდად," - განაცხადა ჯაფარიძემ.
ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, უახლოეს დღეებში მიხეილ სააკაშვილის "საზოგადოებრივი მისაღები" გაიხსნება.
"ის მზად არის თქვენთან დიალოგისთვის. მას ძალიან დიდი სურვილი აქვს ჩვენს მოქალაქეებთან იყოს უშუალო კომუნიკაციაში და გელოდებით ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ რომ მას მიაწვდინოთ ხმა, გაუზიაროთ თქვენი მოსაზრებები. ის აუცილებლად მიიღებს ყველას გზავნილს და ყველას გიპასუხებთ," - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.