„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია 1 577 247 პირის შესახებ ინფორმაცია.
ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
ამასთან, 2022 წლის პირველი მარტიდან დღემდე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 36 115 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 62 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე – 36 053.
დამოკიდებულ პირთა და აკრძალულ პირთა რეესტრს (დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შეტანა) აწარმოებს შემოსავლების სამსახური.
უწყების ცნობით, დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის შესახებ განაცხადის წარდგენა შესაძლებელია, როგორც მატერიალური ფორმით, ასევე ელექტრონულად – ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან – „დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემის შეტანა“.
პირი თუ არ არის რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge, მას შეუძლია, ონლაინ ფორმატში მიიღოს აღნიშნული მომსახურება videocall.rs.ge – ვებგვერდის საშუალებით.
ვიდეოზარით რეგისტრაციის მომსახურების მიღება შესაძლებელია, როგორც საკუთარი სახელით, ასევე მინდობილი პირის მეშვეობითაც, სამუშაო დღეების განმავლობაში – 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.
დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შეიტანება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად. ოჯახის წევრს უფლება აქვს, საქართველოს კანონის შესაბამისად განცხადებით მიმართოს სასამართლოს პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე და აღნიშნული მოთხოვნა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან.
პირის მონაცემების აკრძალულ პირთა სიაში ასახვის გარემოებების გარკვევის მიზნით, შესაძლებელია, მიმართოთ შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებს.








