საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და GSI ჰელმჰოლცის მძიმე იონების კვლევით ცენტრს (GSI Helmholtzzentrum für Schwerionenforschung) შორის თანამშრომლობა იწყება – შესაბამის მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და GSI ჰელმჰოლცის მძიმე იონების კვლევითი ცენტრის სამეცნიერო დირექტორმა პაოლო ჯუბელინომ ფრანკფურტში მოაწერეს.

მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის პარტნიორობას ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების გზით. საერთო კვლევის შესაძლო სფეროებად განსაზღვრულია პროტონოთერაპია, სუფთა ენერგია, ცირკულარული ეკონომიკა, ჰიდროდინამიკა, ჰაერის დაბინძურება, რადიაციული ფიზიკა, რადიო-ონკოლოგია და რადიონუკლიდების წარმოება.  
 
ამასთან, თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება სტუდენტების გაცვლითი და სტაჟირების პროგრამები, თემატური სემინარები და საზაფხულო სკოლები როგორც საქართველოში, ასევე, GSI ჰელმჰოლცის მძიმე იონების კვლევით ცენტრში. გერმანული მხარე ქართველ კოლეგებს რადიაციული თერაპიისთვის პროტონული ციკლოტრონის მუშაობის მიმართულებით გამოცდილებას გაუზიარებს და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ადრონული თერაპიის ცენტრისთვის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ კონსულტაციას გაუწევს. მხარეები ასევე ერთობლივად იმუშავებენ არსებული SMART-ლაბორატორიების განვითარებასა და გაძლიერებაზე.
 
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და GSI ჰელმჰოლცის მძიმე იონების კვლევით ცენტრს შორის დაწყებული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაფართოვდება ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (Georgian-German Science Bridge (GGSB)) ფარგლებში.