შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ სამგორის რაიონში, კუპრაძისა და ზედგინიძის ქუჩებზე გარე განათების ახალი ქსელი მოაწყო. ბოლო ეტაპზე გზაგამყოფ გამწვანებულ ზოლში 40 ერთეული 12-მეტრიანი მრავალსანათიანი ბოძი დამონტაჟდა.

შესრულებულ სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე გაეცნენ.

„აღნიშნული პროექტი სამ ეტაპად განხორციელდა. კუპრაძის, ზედგინიძისა და ჯავახეთის ქუჩებზე, ასევე, მოსკოვის გამზირზე, საერთო ჯამში, 120 ერთეული 12-სანათიანი ბოძი მოეწყო. შედეგად, საგრძნობლად მოიმატა განათების ხარისხმა და გამწვანებული ზოლიც ბევრად ლამაზია, ადგილობრივი მოსახლეობაც კმაყოფილია“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ.

განათების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები თბილისის მერიის დავალებით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა შეასრულეს.