უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის (ომბუდსმენის) დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა მიზანმიმართულად დახვრიტეს მინიმუმ 345 უკრაინელი მებრძოლი, რომლებმაც იარაღი დაყარეს და ტყვედ ჩაჰბარდნენ.
როგორც უკრაინული მხარე აღნიშნავს, მსგავსი ფაქტები ჟენევის კონვენციებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევაა, რომელიც მკაცრად ისჯება, როგორც სამხედრო დანაშაული.
როგორც უკრაინის ომბუდსმენმა აღნიშნა, მსგავსი შემთხვევების რიცხვი სისტემატურ ხასიათს ატარებს და მიზნად ისახავს უკრაინელი სამხედროების დაშინებას:
"ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები ცხადყოფს, რომ რუსი ოკუპანტები მასობრივად არღვევენ ომის კანონებს. უკრაინელი სამხედროები, რომლებიც აფიქსირებენ ტყვედ ჩაბარების სურვილს, ყრიან იარაღს და არანაირ წინააღმდეგობას აღარ უწევენ, ადგილზევე ხდებიან მკვლელობის მსხვერპლნი. ეს არის ცალსახა სამხედრო დანაშაული, რომელსაც საერთაშორისო პასუხი უნდა მოჰყვეს," — განაცხადა დმიტრო ლუბინეცმა.
თავის მხრივ, უკრაინის გენერალური პროკურატურა და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ყველა მსგავს ეპიზოდზე ცალკეული გამოძიება მიმდინარეობს. საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ტყვეთა მკვლელობა ყოველგვარ სამართლებრივ და მორალურ ნორმებს ცდება და ის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განსჯის საქმეა.




