ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში საერთაშორისო საზაფხულო სკოლის - „მემკვიდრეობა, მეცნიერება, არქეოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები“ პირველი ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში ქართველ სტუდენტებთან ერთად მონაწილეობენ ახალგაზრდები ბაქოს, ანკარისა და პრაღის უნივერსიტეტებიდან, აგრეთვე - ფერეიდნელი ქართველი.
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ჰეიდარ ალიევის ფონდისა და ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის მხარდაჭერით.
სკოლას უკვე მესამე წელია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს. საზაფხულო სკოლა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს ქართველი და უცხოელი მეცნიერების ხელმძღვანელობით გაეცნონ ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და დაცვის თანამედროვე მეთოდებს, არქეოლოგიაში უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებს, ასევე, გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება, მოინახულონ მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლები და მუზეუმები.
პირველი ეტაპის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სესიები დაეთმო თემას - „ბიო-კულტურული მემკვიდრეობა, როგორც საქართველოს კონკურენტუნარიანობის გასაღები“.
სესიებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი და ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აკადემიური დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე უძღვებოდა. მოხსენებები წაიკითხეს ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა და ექსპერტებმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი მირცხულავა და აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ფაიგ გულიევი.
პროგრამის „მემკვიდრეობა, მეცნიერება, არქეოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები” მეორე ეტაპი დმანისის საერთაშორისო საველე სკოლაში ჩატარდება. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიურ გათხრებში და ახალი აღმოჩენების მომსწრე და მონაწილე გახდნენ.








