საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს დღეს გორის საკრებულოს წევრები და აპარატის თანამშრომლები გაეცნენ. საარჩევნო სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო ადმინისტრაციამ სახელმწიფო სტრუქტურებიდან პირველი შეხვედრა გორის საკრებულოში გამართა.

შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან დეტალურად ისაუბრა არჩევნების მოდერნიზების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და დანერგვის მნიშვნელობის შესახებ. მისი თქმით, საჯარო უწყებებს შორის პირველი შეხვედრა გორში გაიმართა, რადგან გორი იმ მაჟორიტარულ ოლქებს შორისაა, სადაც შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამომრჩევლამდე მივიტანოთ ინფორმაცია იმ ახალი სერვისებისა და ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ, რომლის გამოყენებითაც პირველ ოქტომბერს როგორც გორსა და კასპში, ისე გურჯაანში შესაბამისი არჩევნები  ჩატარდება. საინფორმაციო ფართომასშტაბიანი კამპანია უკვე 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გაგრძელდება სხვა მუნიციპალიტეტებშიც. ჩვენ შევხვდებით ყველა საჯარო უწყებისა თუ კერძო კომპანიის წარმომადგენლებს და მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ტექნოლოგიების მიმართულებით ამომრჩეველთა ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას“.

დღესვე შეხვედრის მონაწილეები პირადად გაეცნენ როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული აპარატები და როგორ ჩატარდება როგორც პირველი ოქტომბრის, ისე 2024 წლის არჩევნები. გაიმართა იმიტირებული კენჭისყრა და საკრებულოს წარმომადგენლებმა პრაქტიკაში გამოცადეს - ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების მუშაობა. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ამომწურავად უპასუხეს მონაწილეთა კითხვებს.

მსგავსი ტიპის შეხვედრები უახლოეს მომავალში კასპის და გურჯაანის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთანაც გაიმართება, ვინაიდან გორის მსგავსად აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში 1 ოქტომბერს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება.

სახელმწიფო უწყებებში გამართული შეხვედრები საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმირების კამპანიის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ადმინისტრაცია, ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის სხვადასხვა ლოკაციაზე ამომრჩევლებთან პირისპირ შეხვედრებით გეგმავს.