საქართველოში მცხოვრებმა ამერიკელმა ცოლ-ქმარმა რაიან და ლორა სმიტებმა, რომლებიც ხადას ხეობაში გარდაცვლილები იპოვეს, დაახლოებით 2 წლის წინ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის სამეანო განყოფილებას სახსოვარი დაუტოვეს. მათ კლინიკას საჩუქრად ორი ეტლი გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაცია "აიპრესს" სამედიცინო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.
დღეს, სოციალურ ქსელ facebook-ში ერთ-ერთმა მომხმარებელმა და სამედიცინო ცენტრის პაციენტმა, ლევან თაქთაქიშვილმა აღნიშნული ფაქტის შესახებ დაწერა:
"ღუდუშაურის კლინიკაში ვიყავი და რენდგენზე ფეხი გადავიღე. რომ გამოვდიოდი, ამ სავარძლით ქალი შემოიყვანეს. ნახეთ სავარძელს რა ეწერა, რაინ და ლორა სმიტების საჩუქარი სამეანო განყოფილებას".
შეგახსენებთ,ხადას ხეობაში ამერიკის მოქალაქეების, ცოლ-ქმრის, რაიან და ლორა სმიტების და მათი 4 წლის შვილის მკვლელობის ბრალდებით, 20 წლის პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა 4 წლის ბავშვი თოფით მოკლა, შემდეგ კი ზვავში დამალა.
შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.
დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
გამოძიების ფარგლებში გარდაცვლილთა ცხედრებს უტარდება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად კი ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
გარდაცვლილები საქართველოში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ, ხოლო ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.