სათაფლიის აღკვეთილი იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სადაც აღმოჩენილია სხვადასხვა ეპოქის როგორც მტაცებელი, ასევე ბალახისმჭამელი დინოზავრის ნაკვალევი. სათაფლიის დინოზავრები მსოფლიოში ცნობილი სახეობებისგან განსხვავდებიან და „Satapliazaurus“-ის სახელით არიან ცნობილი.
ოჯახური მოგზაურობისთვის მოხერხებული, მარტივი საფეხმავლო მარშრუტები დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობის, უნიკალური კარსტული მღვიმის, საგამოფენო დარბაზის, რელიქტური კოლხური ტყისა და ველური ფუტკრის საბინადრო გარემოს დათვალიერებისა და შუშის პანორამული გადასახედიდან იმერეთის რეგიონის ულამაზესი ხედის ნახვის საშუალებას იძლევა.
ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში.
სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 საათამდე.
სამუშაო დღეები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა.
ვიზიტორთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, წვიმასა და თოვლში შუშის პანორამულ გადასახედზე გასვლა აკრძალულია.
შესვლის ღირებულება:
• ზრდასრული - 6 ლარი;
• სტუდენტი და სკოლის მოსწავლე - 3 ლარი;
• 6 წლამდე ასაკის ბავშვები - უფასო.
გიდის მომსახურება ხორციელდება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე და შედის ბილეთის ღირებულებაში.
ადგილზე შეგიძლიათ შეუკვეთოთ:
• VIP მომსახურება - 1-10 ადამიანი - 100 ლარს დამატებული ბილეთების ღირებულება; 11-20 ადამიანი - 200 ლარს დამატებული ბილეთების ღირებულება;
• სამოქალაქო ქორწინების გაფორმების ცერემონიალი -100 ლარი.
სათაფლიის ბილიკები:
პირველი ბილიკი - საფეხმავლო, მარტივი მარშრუტი, იწყება დაცული ტერიტორიების შესასვლელიდან და დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობის, უნიკალური კარსტრული მღვიმის, მუზეუმის, კოლხური ტყისა და ველური ფუტკრის საბინადრო გარემოს გავლით მიემართება შუშის პანორამული გადასახედისკენ. აქვეა საგამოფენო დარბაზი, ხოლო შუშის პანორამული გადასახედიდან იმერეთის რეგიონის ულამაზესი ხედი იშლება.
მეორე ბილიკი: საფეხმავლო, მარტივი მარშრუტი იწყება დაცული ტერიტორიების შესასვლელიდან და მიემართება კოლხური ტყის ბილიკის მიმართულებით. ბილიკზე ვიზიტორებს საშუალება აქვთ გაეცნონ კოლხური ტყის ელემენტებს და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფ მერქნიან მცენარეებს, რომელთა თითქმის ნახევარი რელიქტურია.
ვიზიტორთა ცენტრი: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ბანოჯა.
აღნიშნული ინფორმაცია განთავსებულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდზე.