დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილი კორეის ეროვნული პარკების სამსახურისა (KNPS) და ბუხანსანის ეროვნული პარკის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
მხარეებმა ეროვნული პარკების მართვის მიმართულებით არსებული გამოცდილება და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს, მათ შორის საქართველოსა და კორეის ეროვნული
პარკების პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი აქტივობები.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა რამდენიმე დაცული ტერიტორია, მათ შორის, ყაზბეგის ეროვნული პარკი დაათვალიერეს.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, 2024 წელს, ყაზბეგის ეროვნულ პარკსა და ბუხანსანის ეროვნულ პარკს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს გამოცდილებისა და ინფორმაციის
გაზიარებას, ასევე ერთობლივი პროექტების განხორციელებას ეროვნული პარკების მართვის გაუმჯობესების მიზნით.
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კორეის ეროვნული პარკების სამსახურს (KNPS) მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა; სხვადასხვა დროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს კორეის ეროვნული პარკების სამსახურისგან (KNPS) ტექნიკური აღჭურვილობა გადმოეცა, მათ შორის, სახანძრო მანქანები, მაღალტექნოლოგიური დრონი, რაციები.