ქართველი მოქანდაკე, გოგი ოჩიაური 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გიორგი (გოგი) ოჩიაური 1927 წლის 10 იანვარს დუშეთის რაიონში დაიბადა. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1953 წელს. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ქანდაკების ფაკულტეტის სამხატვრო კლასის ხელმძღვანელი. 1953 წლიდან მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში.
არის ავტორი ნამუშევრებისა: „ვაჟა-ფშაველა“ (1972), „ზღვა“, „შენ ხარ ვენახი“ (1964), „ქალის ტორსი“ (ადლერი, 1969), „სიცოცხლის ხე“ (ტექსელი, 1977), „რექვიემი“ (1981-1985); ალეგორიური ქანდაკებისა „მუსიკა“, „რესტავრაცია“ (მოსკოვი); არის დამდგმელი მხატვარი ფილმისა „ალავერდობა“; ავტორი სამენოვანი წიგნისა — „ევროპული ქანდაკების ბუნებისათვის“ (2002).
მას მეუღლე და შვილები დარჩა. მისი ძმა ირაკლი ოჩიაური აგრეთვე მოქანდაკე იყო.