ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის პროგრამის ერასმუს პლუსის ფარგლებში პერსონალის მე-8 საერთაშორისო კვირეული გაიხსნა. ღონისძიებაში ევროპის 11 ქვეყნის (გერმანია, ბულგარეთი, უნგრეთი, იტალია, ლიტვა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, თურქეთი) 18 ინსტიტუციის 30 წარმომადგენელი მონაწილეობს.
ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით შექმნილი დიალოგის პლატფორმა - პერსონალის საერთაშორისო კვირეული, ხელს უწყობს განათლების სფეროში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, ჩვენში არსებული მდგომარეობის კრიტიკულად გააზრებას და წარმატებული მაგალითების დანერგვას.
პერსონალის კვირეულის მონაწილეებს მიესალმა და საქართველოს განათლების სფეროში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლსა და მნიშვნელობაზე ესაუბრა თსუ რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი. შეხვედრაზე მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის ამ პროგრამის მნიშვნელობას: „სტუდენტთა და პერსონალის მობილობის პროგრამა ეხმარება საქართველოს განათლების სისტემას ევროკავშირის განათლების სისტემასთან ჰარმონიზაციაში. სტუდენტებისა და პერსონალის მობილობა ხელს უწყობს არა მხოლოდ კულტურულ, არამედ, განათლების ხარისხის, სწავლების მეთოდოლოგიების გაცვლას. სწორედ, მობილობის პროგრამით ვავსებთ ხარვეზებს, ვამსხვრევთ ჯებირებს და გზას ვუხსნით უფრო ინკლუზიურ, გლობალურ მიზნებზე ორიენტირებულ განათლების სისტემას.“
თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეა გერგედავას თქმით, „წლევანდელი ღონისძიების თემაა „საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების პერსპექტივები და გამოწვევები როგორც აკადემიური, ისე ადმინისტრაციული კუთხით.“ პარტნიორ ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად ვსაუბრობთ, თუ როგორ შეიძლება გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენს ინსტიტუციებს შორის იმ დიდი გამოცდილების გამოყენებით, რომელიც საერთაშორისო აკადემიურ ფონდებთან და ორგანიზაციებთან მუშაობისას დაგროვდა. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას, განათლების სფეროში კავშირების განმტკიცებას.“
ერთი კვირის განმავლობაში ქართველი და ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები ისაუბრებენ ცოდნის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიაზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მახასიათებლებზე, სტუდენტებისა და პერსონალის მობილობის გავლენაზე ინდივიდუალურ და პროფესიულ დონეზე.