დღეს, იოანე - ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან ბიძინა ივანიშვილმა "კრისტის" აუქციონზე მილიონ ფუნტად შეიძინა - ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა ამასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილს აქვეყნებს.
"იოანე ზოსიმეს უძველესი ხელნაწერი და პალიმფსესტი საქართველოს უბრუნდება
დიდი სიხარული მოგვანიჭა ცნობამ იმის შესახებ, რომ დღეს კრისტის აუქციონზე ქართული მხარის მიერ შეძენილ იქნა პალიმფსესტი, რომელიც მოიცავს, ერთი მხრივ, V-VII სს. არამეულ ენაზე გადაწერილ მასალას, არსებითად ბიბლიურ და ასკეტურ ფრაგმენტებს, რასაც წმინდა წერილის ტექსტის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს; ხოლო, მეორე მხრივ, სინას მთაზე მოღვაწე უდიდესი ლიტურგისტის, იოანე ზოსიმეს მიერ 979 წელს გადაწერილ ლიტურგიკულ ტექსტებს, რომლებიც ქართული საეკლესიო ლიტერატურის ისტორიისთვის უაღრესად ფასეულია.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც, არაერთ საქვეყნო საქმესთან ერთად, ჩვენი კულტურული საგანძური ამ უმნიშვნელოვანესი ხელნაწერითაც გაამდიდრა.
ღმერთმა დალოცოს მისი ეს უდიდესი საქველმოქმედო ღვაწლი ჩვენი წმინდა ეკლესიისა და სამშობლოს სასიკეთოდ." - ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი
➡️ 11.06.2024