ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის პროგრამის ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის -  „პასუხისმგებლობიანი და მაღალი გავლენის მქონე უნივერსიტეტები საქართველოში, როგორც მდგრადი განვითარებისა და მეწარმეობის კატალიზატორები,“( RiHEI) ფარგლებში ღონისძიება გაიმართა.

ევროპული და ქართული უნივერსიტეტების (მარტინ  ლუთერის უნივერსიტეტი - ჰალე, ვიტენბერგი; მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი; ლოძის უნივერსიტეტი; თსუ;  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი) წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე, არსებულ, ევროპულ გამოცდილებაზე და და დასახული მიზნების განხორციელების გზებზე.

პროექტის მონაწილეებს თსუ რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი მიესალმა და იმ აუცილებლობებსა და შედეგებზე ისაუბრა, რომელსაც  RiHEI განსაზღვრავს. „პროექტი საშუალებას გვაძლევს გავიზიაროთ ჩვენი ევროპელი კოლეგების გამოცდილება და მოვახდინოთ უნივერსიტეტის პროგრამების იმგვარი  მოდერნიზაცია, რომ  მომავალ თაობას მივცეთ განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილება, რაც მათ დაეხმარება თანამედროვე შრომის ბაზარზე დასაქმებაში.  იმედი გვაქვს, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, გაიზრდება  თანამშრომლობა ევროკავშირთან უმაღლესი სასწავლებლების შესაძლებლობების განვითარების, პერსონალის გაცვლის და მრავალეკოსისტემური ქსელის განვითარების კუთხით,“- განაცხადა კახაბერ ჭეიშვილმა.

ევროკავშირის პროგრამის ერასმუს პლუსის პროექტის RiHEI-ის კონსორციუმის კოორდინატორის, ლოძის უნივერსიტეტის წარმომადგენლის ბარტეკ კალინოვსკის თქმით, „პროექტი საკმაოდ რთული განსახორციელებელია და უნივერსიტეტის სამივე მისიის გარდაქმნას  დეტალურად გააზრებული გეგმის შესაბამისად ემსახურება. მთავარია, რომ ევროპული და ქართული უნივერსიტეტების ერთობლივი მუშაობა ხელს შეუწყობს იმ მიზნების შესრულებას, რომელიც პროექტით არის დასახული.“

პროექტს სამი ძირითადი მიზანი აქვს: 1. საქართველოს უმაღლესი განათლების მოდერნიზაცია, ინტერნაციონალიზაცია და ხელმისაწვდომობის გაზრდა მომავალი თაობის შრომის ბაზრის აქტორებისთვის. ეს დაეფუძნება თანაბარ შესაძლებლობებს, გენდერულ სენსიტიურობას და მარგინალიზებულთა ჩართვას (მათ შორის, დაშორებული ტერიტორიების/სოფლის სტუდენტებისთვის უკეთესი სერვისების შექმნის გათვალისიწინებით); 2. საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების გამოწვევების მოგვარება, რათა ისინი გახდნენ ზრდის, მდგრადი და პასუხისმგებლობიანი (ეკოლოგიურად, სოციალურად) ძალაუფლების მამოძრავებელი ძალა, სამუშაო ადგილებისა და საწარმოების შემქმნელი, რადიკალური გარდაქმნის მასტიმულირებელი. 3. გაზარდოს თანამშრომლობა ევროკავშირთან უმაღლესი სასწავლებლების შესაძლებლობების განვითარების, პერსონალის გაცვლის და მრავალეკოსისტემური ქსელის განვითარებით და საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მოტივირებით, ნებაყოფლობით დაუახლოვდნენ უმაღლეს განათლებაში ევროკავშირის სტანდარტებს და, ამავდროულად, ხელი შეუწყონ საზოგადოებათაშორის გაცვლასა და თანამშრომლობას, კულტურათაშორის ცნობიერებასა და გაგებას.

პროექტის კონკრეტული ამოცანებია: 1. საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საუნივერსიტეტო მმართველობის რეფორმა და მოდერნიზება; 2. სტუდენტური სერვისების და მწვანე კამპუსების გაძლიერება; 3. უმაღლეს სასწავლებლებში ხარისხის უზრუნველყოფის ახალი ერთეულების და პროცესების/სტრატეგიის ჩამოყალიბება, რომელიც გაზრდის დაგეგმვისა და შეფასების ერთეულების შესაძლებლობებს და ეფექტურობას და უზრუნველყოფს უკეთეს მხარდაჭერას დისტანციური/სოფლის რისკის ქვეშ მყოფი სოციალური ჯგუფებისთვის; 4. მაღალი სიმძლავრის ციფრული პლატფორმის შექმნა, სადაც განთავსდება პროექტის აქტივობებით მიღწეული შედეგები, რომელიც შეიძლება იქცეს საქართველოს იმ უმაღლესი სასწავლებლების სერვის-ცენტრად, რომელიც დაინტერესებული იქნება გარდაქმნან თავიანთი დაწესებულება მდგრად და პასუხისმგებლობიან (ეკოლოგიურად და სოციალურად) უნივერსიტეტად.